რუსი სპორტსმენები პიონჩანგისთვის ორსაფეხურიან კომისიას გაივლიან

16 დეკემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ზამთრის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დასაშვებად შექმნა ორი კომისია. პირველი კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელი ორგანიზაციის მმართველი ვალერია ფურნერონი (თავმჯდომარე), მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი გიუნტერ იანგერი, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ანტიდოპინგურ დეპარტამენტთან არსებული „დოპინგისგან თავისუფალი სპორტის" წარმომადგენელი პედრო გონსალვეში და IOC-ის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ ბაჯეტი.

ექსპერტთა ამ ჯგუფის რჩევებსა და შენიშვნებზე იქნება დამოკიდებული იმ რუს სპორტსმენთა სავარაუდო სიის შედგენა, რომლებსაც 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. საამისოდ, აუცილებელია ოლიმპიელებს ჰქონდეთ სუფთა დოპინგისტორია, რეგულარულად გადიოდნენ არასაშეჯიბრო შემოწმებებს.

შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, საქმეში ჩაერთვება სამი წევრისგან შემდგარი IOC-ის მეორე ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნიკოლ ჰევერცი ( ჯგუფის ხელმძღვანელი), IOC-ის ათლეტთა კომისიის წევრი დანკა ბარტეკოვა და IOC-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე კეპერი. ამ სამეულმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სპორტსმენთა დაშვება-არდაშვების  შესახებ.

IOC-ის  აღმასრულებელმა საბჭომ 5 დეკემბერს, ანტიდოპინგურის წესების სისტემატური დარღვევისა და ინსტიტუციური დოპინგ-სისტემის შექმნის გამო, რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ის წევრობა დროებით შეუჩერა, ხოლო რუსეთის ნაკრებს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სახელით და დროშით მონაწილეობა აუკრძალა.

რუს სპორტსმენებს პიონჩანგში ნეიტრალური ოლიმპიური დროშით და „ოლიმპიელი სპორტსმენები რუსეთიდან" სახელით გამოსვლის ნება დართეს.