სპორტში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად მიზნობრივი ჯგუფები შეიქმნა

19 დეკემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო პარტნიორობამ (IPACS), ევროპის საბჭოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის და გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნეს სამი მიზნობრივი ჯგუფი, რომელთა ამოცანა იქნება სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.  კერძოდ: კორუფციის რისკის შემცირება სპორტულ ღონისძიებებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შესყიდვებისას; ინტერესთა კონფლიქტის მართვა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დიდი სპორტული შეჯიბრებების მასპინძელი ქალაქების არჩევის დროს; კარგი მმართველობის ინსტიტუტის გაძლიერება.

ანტიკორუფციული ჯგუფების შექმნის  შესახებ განცხადება გაკეთდა პარიზში გამართული IPACS-ის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ.

მიზნობრივმა ჯგუფებმა თავად უნდა შეიმუშავონ ანტიკორუფციული პროექტები, რომლებიც განხილული იქნება 2018 წლის ივნისში ლოზანაში დაგეგმილ IPACS-ის შეხვედრაზე.