ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა საოლიმპიადოდ მოილაპარაკებენ

06 იანვარი 2018

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მზად არის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში  თავისი ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებით სამხრეთკორეელებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

ორ ქვეყანას შორის შეხვედრა 9 იანვარს, დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე მშვიდობის სასახლეშია დაგაგმილი. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა პიონჩანგი-2018-ში ჩრდილოკორეელთა შესაძლო მონაწილეობა იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას უმაღლეს დონეზე ოფიციალური მოლაპარაკებები 2015 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუმართავთ.

ჩრდილოეთ კორეას ზამთრის XXIII თამაშების მხოლოდ ერთი ლიცენზია აქვს მოპოვებული. ფიგურულ სრიალში ქვეყნის ღირსებას რიომ ტაე-იკისა და კიმ ჯუ-სიკის წყვილი დაიცავს. ასევე შესაძლოა, რომ ეგრეთწოდებული ველური ბარათის მეშვეობით, ჩრდილოეთკორეელ სპორტსმენთა რაოდენობა გაიზარდოს.