ტოკიო-2020-ის მედლებს გადამუშავებული ელექტროტექნიკისგან დაამზადებენ

06 იანვარი 2018

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ელექტრო მოწყობილობების გადამუშავების და შემდგომ მათი მედლებად ჩამოსხმის გეგმა შეიმუშავეს.

ამ გეგმის თანახმად, გადამუშავებული მასალისგან დამზადებული მედლები გადაეცემა ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიუმპიურ თამაშებზე საპატიო კვარცხლბეკზე ასვლას დაიმსახურებს.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 8 ტონა ლითონს, მათ შორის 40 კილოგრამ ოქროს, 4 290 კილოგრამ ვერცხლსა და 2 944 კილოგრამ ბრინჯაოს შეაგროვებენ.

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა წამოწყებას მხარი დაუჭირა ქვეყნის მუნიციპალიტეტების 70-მა პროცენტმა.

იაპონელთა წამოწყებას საკუთარი მობილური ტელეფონი შესწირა ზიმბაბველმა მოცურავემ, სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის წევრმა კირსტი კოვენთრიმ. ტოკიოში ვიზიტისას იგივე გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმაც.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ელექტროტექნიკის - მაცივრების, მიკროტალღური ქურების, კომპიუტერებისა და მობილურების მედლებად გადამუშავების პრაქტიკას 2016 წლის  ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა მიმართეს.