ნორიაკი კასაი მერვე ოლიმპიადისთვის ემზადება

08 იანვარი 2018

კვლავ მწყობრშია იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაი, რომელიც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. 45 წლის  მხტომელისთვის ეს იქნება მერვე ოლიმპიური თამაშები, რაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთათვის რეკორდული მაჩვენებელია.

ნორიაკი კასაი გუნდურ პირველობაში ლილეჰამერის (1994) ზამთრის თამაშების ვერცხლის და სოჭის (2014) ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია, შესაბამისად _ პირად და გუნდურ პირველობაში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ნორიაკი კასაის  სათხილამურო სპორტის სახეობებში მსოფლიოს თასის ეტაპებზე სტარტების რეკორდული რაოდენობისთვის (535) გინესის რეკორდების სერტიფიკატიც გადაეცა (1989-2017  წლების სეზონი). მასვე ეკუთვნის 35 წელს გადაცილებულ სპორტსმენთა შორის რეკორდული ნახტომი - 241,5 მეტრი, რომელიც შარშან შეასრულა. ამასთან, იაპონელი ყველაზე ასაკოვანი ტრამპლინიდან მხტომელია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადებზე მედალი მოიპოვა. ასევე, იგი გახლავთ მსოფლიო თასის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული (პირადში) და მონაწილეც.

ოლიმპიურ თამაშებზე ათგზის მონაწილეობით აბსოლუტური რეკორდსმენია კანადელი ცხენოსანი იან მილარი,   ოლიმპიურ თამაშებზე ცხრაჯერ უასპარეზია ორ სპორტსმენს, ხოლო რვაგზის ოლიმპიელთა სია, ჯერჯერობით, ცხრა სპორტსმენს ითვლის. მათ შორისაა ტყვიის სროლაში სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, იმავე თამაშების ვერცხლისა და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე.