პიონჩანგში პრესცენტრი გაიხსნა

10 იანვარი 2018

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრესცენტრი (MPC) გაიხსნა.

პრესცენტრი ალპენსიას კურორტზე განთავსდა და განკუთვნილია ოლიმპიადაზე აკრედიტებული 2 900-ზე მეტი ჟურნალისტისთვის. MPC თავდაპირველად იმუშავებს დილის 8 საათიდან საღამოს 23 საათამდე, 30 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით კი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი იქნება.

კომპლექსი სამი შენობისგან შედგება, აქედან ორი  Alpensia Convention Hall და Alpensia Concert Hall შესაბამისად დაიტევს MPC 1 და MPC 2-ს. ამათგან პირველი სამსართულიანი შენობაა, რომელიც პრესისა და ფოტოგრაფების ნავსაყუდელი იქნება. აქვეა სამი საპრესკონფერენციო დარბაზი, საინფორმაციო კუთხე, ახალი ამბების კუთხე, ფოტოსამსახურის ცენტრი, დასასვენებელი კუთხე და კვების ბლოკი.

უმთავრესი საპრესკონფერენციო დარბაზი, რომელიც 500-ზე მეტ ადამიანს იტევს, განთავსებულია MPC 2-ში.

მესამე - MPC 3-ში, რომელიც მარტივი კონსტრუქციებითაა აგებული და დროებითი დანიშნულება აქვს, განთავსებული იქნება 33 მედია ოთახი და 9 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფისი. აქვე იქნება სოკ-ის მედია სამსახური, სოკ-ის ბილეთების კუთხე, ბუკლეტ ების თუ ბროშურების დაფა, კაფეტერია.

„ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სიამოვნებით ვხსნით უმთავრეს მედია ცენტრს. მზად ვართ მივესალმოთ მსოფლიოს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან, - კომპლექსის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა პიონჩანგის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ლი ჰი-ბომმა, - საერთაშორისო და ადგილობრივი მედია პიონჩანგი- 2018-ის წარმატებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ისინი მსოფლიოს აცნობენ თამაშების ისტორიებს, მათ გმირებს. ასევე, თავიანთი არხების მეშვეობით ახალი მაყურებლის მოზიდვაში გვეხმარებიან. პიონჩანგის ზეიმის გადმოსაცემად იყენებენ როგორც სიტყვას, ასევე გამოსახულებას. მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, რომ პრესცენტრში თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში".