სოკ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციებს შეხვდება

11 იანვარი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებით 20 იანვარს ლოზანაში, სოკ-ის შატ-ბინაში ოთხმხრივ სხდომას გამართავს.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პიონჩანგის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა დელეგაციები და  ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნები მათივე სოკ-ის წევრებთან ერთად.  სხდომა სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის თავმჯდომარეობით წარიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას  მიიღებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის ყველა ვადა ამოიწურა, გასარკვევი იქნება ჩრდილოეთ კორეიდან სპორტსმენთა და თანამდებობის პირთა ვინაობა და მათი რაოდენობა. გარდა ამისა, სოკ-მა უნდა განსაზღვროს მონაწილეობის ფორმატი, მათ შორის ოფიციალურ პროტოკოლთან დაკავშირებული საკითხები (დროშა, ჰიმნი, უნიფორმა).

„გულითადად მივესალმები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მთავრობების ერთობლივ წინადადებებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ბევრი სხვა სახელმწიფო მიესალმა. ეს არის ოლიმპიური სულისკვეთების და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული ოლიმპიური ზავის რეზოლუციისკენ  გადადგმული დიდი ნაბიჯი. სოკ-ს ახლა ისღა დარჩენია, რომ ეს პოლიტიკური მზადყოფნა რეალობად აქციოს", -ნათქვამია სოკ-ის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებაში.

ამას წინათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა უმაღლესი დონის  შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ კორეა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა, მაღალჩინოსანთა, კულტურის მოღვაწეთა, მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დიდ დელეგაციას მიავლენს.