ვნებათაღელვა დროშის გამო

24 იანვარი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური შეჯიბრების  მსვლელობისას ტრიბუნებზე იმ  ქვეყნების დროშების შეტანას კრძალავს, რომლებიც არა არიან აღიარებულნი საერთაშორისო თანამეგობრობის და სოკ-ის მიერ ან არ მონაწილეობენ კონკრეტულ თამაშებში. ამ წესის მიხედვით, პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე იზღუდება რუსეთის დროშის გამოჩენაც, რადგანაც ამ ქვეყნის წარმომადგენელთა სტატუსი - „სპორტსმენი ოლიმპიელები რუსეთიდან" ამის საშუალებას არ იძლევა.

სოკ-ის 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „სუფთა" რუსს სპორტსმენებს პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე მხოლოდ ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება აქვთ.

ტრიბუნებზე რუსეთის სახელმწიფო დროშის შეტანის შესაძლო აკრძალვამ და არაერთი რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაციამ რუსეთში ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოწოდებები გაახშირა.

ბოიკოტის მომხრეთა მიმართ განცხადებას ავრცელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი: „ისეთ სიტყვას, როგორიცაა ბოიკოტი, თავი უნდა ავარიდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სოკ-თან დიალოგის გაგრძელებაა საჭირო. მარტივი ვითარება არაა. საქმე უფრო რთულადაა, მაგრამ ეს სოკ-თან დიალოგის შეწყვეტას არ ნიშნავს. შესაძლებლობების ფარგლებში, მათთან ლაპარაკი და საკუთარი უფლებების დაცვაა საჭირო."

ამას მოჰყვა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაგზავნილი წერილი. რუსეთის მხარე სოკ-ისგან ითხოვს ოფიციალურ განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით - ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს ტრიბუნაზე რუსეთის დროშით გამოჩენის უფლება.