თომას ბახი: „კომისიის საქმიანობის შედეგები უნდა მივიჩნიოთ საიმედოდ"

25 იანვარი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება პიონჩანგის თამაშებში მხოლოდ „სუფთა" სპორტსმენების მიწვევის თაობაზე, არ ამცირებს რუსეთს და რუს სპორტსმენებს. უფრო მეტიც - რუსეთმა უნდა დააფასოს, რომ მიეცა შესაძლებლობა განიცადოს კათარზისი.  პიონჩანგში  მხოლოდ ახალი თაობის „სუფთა" სპორტსმენები გამოვლენ და ეს გადაწყვეტილება რუსული სპორტის გაჯანსაღებას ემსახურება.  ასე გამოეხმაურა  სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს.

სოკ-ის მიმართ აგრესია მას შემდეგ გაიზარდა,  რაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს ათეულობით გამოცდილ რუს სპორტსმენს, რომლებიც არ ფიგურირებენ დოპინგ-საქმეებში. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში ანტონ შიპულინი, მოთხილამურე სერგეი უსტიუგოვი და  ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონ შორტ-ტრეკში ვიქტორ ანი. მართალია, რუსეთის ოლიმპიური დელეგაციის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი გახდება 28 იანვარს, მაგრამ მასში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.  

ოლიმპიადაზე დასაშვებ რუს სპორტსმენთა შესარჩევად მუშაობდა დამოუკიდებელი კომისია ვალერი ფურნეირონის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველა რუსი სპორტსმენის დოპინგ-ისტორია საფუძვლიანად შეისწავლა.  

„კომისიის საქმიანობის შედეგები  უნდა მივიჩნიოთ საიმედოდ,  მასში ეჭვს ვერ შევიტანთ, - აცხადებს თომას ბახი, - დამოუკიდებელმა კომისიამ შეადგინა ოლიმპიადაზე მოსაწვევ სპორტსმენთა სია, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ „სუფთა" სპორტსმენები არიან. თუ რომელიმე სპორტსმენი არ არის სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიას სერიოზული საფუძველი ჰქონდა  ამ გადაწყვეტილების მისაღებად."

როგორც ფურნეირონის კომისიაში აცხადებენ,  ოლიმპიურ თამაშებზე წამყვან სპორტსმენთა მიწვევაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სხვადასხვა წყაროდან მიღებული დამატებითი ინფორმაცია.

„ჩვენი მიზანია, ოლიმპიურ თამაშებზე მივიწვიოთ „სუფთა" რუსი სპორტსმენები. თუ სპორტსმენი მიიწვიეს, ნიშნავს იმას, რომ კომისიას არ ჰქონდა მის მიმართ საფუძვლიანი ეჭვი,"  - ამბობს თომას ბახი, რომლის აზრითაც, ასეთი მკაცრი შერჩევის პროცედურა გამორიცხავს  პიონჩანგ-2018-ის  სპორტული შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას. ფურნეირონის კომისიამ თავის თავზე აღო პასუხისმგებლობა, რომ ოლიმპიადაზე „ჭუჭყიანი" სპორტსმენი ვერ მოხვდებოდა.

„დარწმუნებულები იყავით, რომ კომისიას არ უტვირთია არც მოსამართლისა და არც არბიტრის როლი. მან დეტალურად შეისწავლა თითოეული სპორტსმენის საქმე.  შედეგად, რუსეთი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ „სუფთა" სპორტსმენები მოხვდებიან და შეჯიბრებების შემდეგ სიურპრიზებს არ უნდა ველოდეთ. რუსეთმა უნდა დააფასოს ეს შესაძლებლობა," - ამბობს სოკ-ის პრეზიდენტი.