პეკინი 2022-ის არენების მშენებლობა დაჩქარებული ტემპით წარიმართება

26 იანვარი 2018

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ამ სპორტული დღესასწაულისთვის მზადება, მათ შორის არენების მშენებლობა, 2018 წელს დაჩქარებული ტემპით წარიმართება.

26 საასპარეზო და არასაასპარეზო არენიდან ერთ-ერთი იქნება ციგურებით რბენისთვის განკუთვნილი დარბაზი, რომელიც ოლიმპიური პარკის ჩრდილოეთით განთავსდება. საინტერესოა, რომ არქიტექტურული ფორმის გამო მას  „ყინულის ღილად"  მოიხსენიებენ.

პეკინი 2022-ის ორგანიზატორთა ცნობით, საციგურაო დარბაზის საძირკველი ახლო მომავალში ჩაისხმევა. მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება, 2020 წელს კი ციგურებით რბენაში სატესტო ასპარეზობებსაც უმასპინძლებენ.

სხვა არენებს შორის, რომელიც ზამთრის ოლიმპიადისთვის მოეწყობა, სამთომოთხილამურეთა ტრასები და მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა.

„გვჯერა, ყველა არენა დროულად ჩაბარდება", - ამბობს დაგეგმარების აღმასრულებელი დირექტორი ლიუ იუმინი.

გარდა ამისა, 2022 წლის ოლიმპიადისთვის განახლდება არსებული ობიექტებიც. მათ შორის, ეროვნული საწყლოსნო ცენტრი და „ვუკესონგის არენა". ორივე ეს კომპლექსი 2008 წელს პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. „ვუკესონგის არენა", რომელიც 2008 წელს საკალათბურთო მატჩებისთვის იყო განკუთვნილი, ჰოკეისტთა და მოციგურავეთა ასპარეზად გარდაიქმნება. საინტერესოა, რომ საკალთბურთო მოედნის ყინულის მოედნად გადასაქცევად მხოლოდ ექვსი საათი იქნება საჭირო.