პიონჩანგი - ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში

27 იანვარი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ოლიმპიური თამაშების პერიოდში პიონჩანგი იქნება ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში. ბახი დარწმუნებულია, რომ ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები პიონჩანგში თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და საუკეთესო გარემოში იასპარეზებენ.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჩრდილოთ კორეასთან მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე და ოთხმხრივ მემორანდუმს „ისტორიული დოკუმენტი" უწოდა. ამ შეთანხმების თანახმად, ორივე კორეის სპორტსმენები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ერთი დროშით გამოვლენ. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის  ჰოკეისტ ქალთა ნაკრებში რამდენიმე ჩრდილოეთ კორეელი მოთამაშე მიიწვიეს.

 „ასეთი გუნდის შექმნა ნათლად აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანას მშვიდობა სურს," - აღნიშნა თომას ბახმა.

ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება. მსოფლიოს 90 ქვეყნის ოლიმპიელები სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში გაითამაშებენ მედლების 102 კომპლექტს. პიონჩანგში საქართველო 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.