AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელად გაფურ რახიმოვი დაინიშნა

28 იანვარი 2018

დუბაიში, კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) რიგგარეშე კონგრესზე ამ სახეობის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იტალიელი ფრანკო ფალჩინელი თანამდებობიდან გადადგა, მისი ადგილი კი უზბეკმა გაფურ რახიმოვმა დაიკავა.

საინტერესოა, რომ გაფურ რახიმოვი აშშ-ის ხელისუფლებამ ორგანიზებულ კრიმანლთან კავშირში დაადანაშაულა და „შავ სიაში" შეიტანა. ამგვარი ბრალდების მიუხედავად, 66 წლის რახიმოვის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ განხორციელებულა.

AIBA-ს კონგრესის გადაწყვეტილებას  უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC). როგორც IOC-ის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკიდურესად შეშფოთებულია AIBA-ს მმართველობაში შექმნილი ვითარების გამო." ამ საკითხთან დაკავშირებით IOC-ის ეთიკის კომისია ამზადებს მოხსენებას, რომელიც ერთ კვირაში პიონჩანგში გასამართ  IOC-ის აღმასრულებელ საბჭოს წარედგინება.

AIBA-ს პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შარშან, ნოემბერში თანამდებობა დატოვა ტაივანელმა ჩინგ-კოე ვუმ. 

2017 წლის ივლისში AIBA-ს აღმასკომის 13-მა წევრმა ტაივანელს უნდობლობა გამოუცხადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. 4 ნოემბერს ასოციაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელად AIBA-ს ვიცე-პრეზიდენტი ფალჩინელი გამოცხადდა.

დუბაის კონგრესზე გამოითქვა სურვილი, რომ ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ჩინგ-კოე ვუ საპატიო პრეზიდენტად აერჩიათ, მაგრამ კონგრესმა ამ წინადადების მიღებაზე უარი განაცხადა.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები წლეულს ნოემბერში, მოსკოვის კონგრესზე ჩატარდება.