საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

30 იანვარი 2018

30 იანვარს  საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სს ,,საქართველოს ბანკს" შორის, რომლის თანახმად საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

მემორანდუმს  ხელი  მოაწერეს  საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის  პრეზიდენტმა  ლერი  ხაბელოვმა  და  სს ,,საქართველოს ბანკის"  გენერალურმა დირექტორმა  კახა კიკნაველიძემ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გენერალურ სასპონსორო ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს ბანკთან. ჩვენ ვახორციელებთ მეტად  საინტერესო  პროექტებს  ქართული  სპორტის  და ოლიმპიური მოძრაობის  განვითარებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა.  ვიმედოვნებ, რომ  ჩვენი  ურთიერთთანამშრომლობა  ნაყოფიერი იქნება  და ერთობლივი ძალებით  ბევრი  სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.  მან მადლობა გადაუხადა სს ,,საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს კახა კიკნაველიძეს  მხარდაჭერისთვის. 

თავის მხრივ ბანკის გენერალურმა დირექტორმა კმაყოფილება გამოთქვა ოლიმპიურ კომიტეთთან დაწყებული თანამშრომლობის გამო: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვენლოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, მსოფლიო ასპარეზზე," - აღნიშნა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  ურთიერთანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების  ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, ცალკეული სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.