მედლების ვირტუალურ ჩათვლაში გერმანია და ნორვეგია ლიდერობენ

31 იანვარი 2018

ამერიკული კომპანია Gracenote, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ პროგნოზებს აქვეყნებს, ამჯერად პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურიურ თამაშებებზე მედლების შესაძლო გადანაწილების ერთგვარ ვირტუალურ ცხრილს გვთავაზობს.

Gracenote-ის ანალიტკოსთა გათვლებით, დოპინგსკანდალების გამო შეთხელებული რუსეთის ნაკრების მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ 19 მედალი უნდა აიღონ (4 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო). ეს საერთო ჩათვლაში ვირტუალურ მეექვსე ადგილს ნიშნავს.

ექსპერტთა გათვლებით, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი საფეხურისთვის ბრძოლა გერმანიისა და ნორვეგიის ნაკრებ გუნდებს შორის წარიმართება. მიღებული მონაცემების მიხედვით, გერმანიამ შეიძლება დამატებით 5 ოქროს მედალი მოიპოვოს, ხოლო ნორვეგიამ - 4. დამატებითი 2 მედლის იმედი შეიძლება ჰქონდეთ კანადას, საფრანგეთსა და იაპონიას, ხოლო ფინეთს, დიდ ბრიტანეთს, იტალიასა და ჰოლანდიას 1 დამატებითი მედლის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ.

გერმანიას, რომელიც პირველობის რეალური კანდიდატია, მთლიანობაში 40 ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ, მათ შორის 14 ოქროს, 12 ვერცხლსა და 14 ბრინჯაოს მედალს. ნორვეგიის ვირტუალური მაჩვენებელი 37 მედალია, აქედან 14 -უმაღლესი სინჯისა. Gracenote-ის პროგნოზით, 33 მედლით (მათ შორის 7 ოქროს მედლით) მესამე ადგილზე კანადა მოიაზრება. შემდეგ მოდის აშშ (29), საფრანგეთი (24), ჰოლანდია (18), ავსტრია (15), იაპონია (15), შვედეთი (14), შვეიცარია (12).

იმ შემთხვევაში, თუ გერმანია 40 მედლის დასაკუთრებას მართლაც შესძლებს, ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ეს მათი საუკეთესო მაჩვენებელი იქნება (გერმანიის საუკეთესო შედეგს სოლტ ლეიკ სიტის 2002 წლის თამაშებთან მივყავართ, სადაც მათ 36 ჯილდო მოიპოვეს). გერმანელებისგან ყველაზე მეტ - 10 მედალს ბიატლონში ელიან.

საკუთარი გათვლებისას, ამერიკული კომპანია  მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატებისა და სხვა დიდი ტურნირების შედეგებით ხელმძღვანელობდა.

ანტიდოპინგური წესების სისტემატური დარღვევისა და ინსტიტუციური დოპინგ-სისტემის შექმნის გამო, რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ის წევრობა დროებით შეუჩერეს, ხოლო რუსეთის ნაკრებს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სახელით და დროშით მონაწილეობა აეკრძალა.

რუს სპორტსმენებს პიონჩანგში ნეიტრალური ოლიმპიური დროშით და ოლიმპიელი სპორტსმენები რუსეთიდან" სახელით გამოსვლის ნება დართეს.