CAS-მა რუს სპორტსმენთა ნაწილის საჩივარი დააკმაყოფილა, რასაც IOC-ი არ ეთანხმება

01 თებერვალი 2018

ლოზანაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კომისიის მიერ სამუდამოდ დისკვალიფიცირებული 39 რუსი სპორტსმენის საჩივრებთან დაკავშირებით ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

CAS-ის პრესრელიზის თანახმად, სასამართლოს ვერდიქტით 28 სპორტსმენი სრულად გამართლებულია, ხოლო 11-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გარდა ამისა, რუსეთის ნაკრებმა სოჭის ოლიმპიადის არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობაც დაიბრუნა, ბობსლეიში მოპოვებული ორი ოქროს მედალი კი ჩამოერთმევა. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ბიატლონში ქალთა ესტაფეტაში და სპრინტში დაკავებული მეორე ადგილები. აქედან გამომდინარე, რუსეთის ნაკრების ანგარშიზე 11 ოქროს, 9 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია (ჯამში - 29). მედლების ჩათვალში 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზეა ნორვეგია (ჯამში - 26 მედალი).

რუსეთის ეოკ- ახლა იმაზე მუშაობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამართლებული რუსი სპორტსმენები პიონჩანგის ოლიმპიადაზე მიიწვიოს", - განაცხადა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც შესაძლოა შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოს მიმართოს.

 „ერთის მხრივ, 11 სპორტსმენის მიერ შემდგომში დადასტურებული ანტისადოპინგო წესების დარღვევა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე სისტემურად ირღვეოდა ანტისადოპინგო წესები, - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში, - მეორეს მხრივ, IOC წუხს, რომ, როგორც ამას CAS-ის პრესრელიზიდან ვიტყობთ, კომისიამ არ გაითვალისწინა დანარჩენ სხვა 28 საქმესთან მიმართებით სისტემური მანიპულაციების დადასტურებული არსებობა. CAS-მა მტკიცებულებათა უფრო მაღალი დონე მოითხოვა, ვიდრე ეს იყო ოსვალდის კომისიის შემთხვევაში.

ამან შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს შემდგომში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით IOC-ი, როგორც კი შესაძლებელი იქნება, ზედმიწევნით შეისწავლის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზებს და განიხილავს შემდგომ მოქმედებებს, მათ შორის შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოსთვის მიმართვას.

რაც შეეხება 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე რუს სპორტსმენთა მონაწილეობას, IOC აღმასკომის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუს ათლეტებს პიონჩანგში გამოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ IOC-ის მოწვევით ექნებათ.

CAS-ის განაჩენი არ ნიშნავს, რომ 28 კაცისგან შემდგარ გამართლებულ სპორტსმენთა ჯგუფიდან ვინმეს მიიწვევენ თამაშებზე. სანქციების მოხსნა ავტომატურად არ გულისხმობს პრივილეგიას მოწვევაზე. ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს CAS-ის გენერალური მდივნის განცხადება, რომლის მიხედვითაც CAS-ის გადაწყვეტილებაშისაუბარი არ არის იმაზე, რომ ეს 28 სპორტსმენი უდანაშაულოდაა გამოცხადებული", - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.