ზამთრის ოლიმპიური თამაშების დებიუტანტები

02 თებერვალი 2018

2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშები სადებიუტო ზამთრის თამაშები იქნება კოსოვოს, ეკვადორის, ერიტრეას, მალაიზიას, ნიგერიის და სინგაპურის სპორტსმენებისთვის. ისინი გამოვლენ სამთო თხილამურობაში, შორტ-ტრეკში, ფიგურულ ციგურაობაში, თხილამურებით რბოლაში და ბობსლეიში.

კოსოვოს ოლიმპიურ კომიტეტს სულ 6 წლის ისტორია აქვს - 2012 წელს დაფუძნდა, 2 წლის შემდეგ კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო. რიო-2016 კოსოვოსთვის პირველი დამოუკიდებელი ოლიმპიური სტარტი იყო, რომელიც წარმატებული გამოდგა: მაჯლინდა კელმენდიმ ძიუდოისტ ქალთა ტურნირი მოიგო და თავის ქვეყანას ისტორიული ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა. პიონჩანგში ერთადერთი კოსოვოელი სპორტსმენი - სამთო- მოთხილამურე ალბინ ტაჰირი გამოვა, თუმცა ოლიმპიადაზე კარგი შედეგის საჩვენებლად ჯერ არც ოსტატობა ჰყოფნის და არც გამოცდილება.

პიონჩანგში ეკვადორის სახელით თხილამურებით რბოლაში გამოვა კლაუს როდრიგესი, ერიტრეას წარადგენს სამთო-მოთხილამურე შენონ-ოგბანი აბედა, სინგაპურს - შეინ გოჰი (შორტ-ტრეკი). მალაიზიას ორი სპორტსმენი ეყოლება - სამთო-მოთხილამურე ჯეფრი ვები და ფიგურულად მოციგურავე ჯულიან იეი. ნიგერიიდან  ოლიმპიადის საგზური მიიპოვა ბობსლეისტ ქალთა წყვილმა.

კოსოვოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნების ოლიმპიურ კომიტეტები საკმაოდ ადრე დაფუძნდა, თუმცა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ასევე პირველად მონაწილეობენ.