IOC-ის ბრიტანელი წევრი: „CAS-მა კრახი განიცადა"

02 თებერვალი 2018

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 28 რუსი სპორტსმენის სარჩელის დაკმაყოფილებას სპორტის მაღალჩინოსანთა კომენტარები მოჰყვა.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე ბეკი სკოტის თქმით, ეს არის შეცდომა და „სუფთა" სპორტისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი: CAS-ის მიერ რუს პორტსმენთა საჩივრების დაკმაყოფილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ. მეჩვენება, რომ „სუფთა" ათლეტებმა და სპორტის სისუფთავისთვის ბრძოლამ გამანადგურებელი დარტყმა მიიღეს. ეს არის მართლმსაჯულების სისტემის შეცდომა, რომელიც უნდა იცავდეს „სუფთა სპორტსმენებსა და ამ პრინციპებს. ეს უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

აუცილებელია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. უნდა დაისვას უსიამოვნო კითხვები. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ოლიმპიადაზე სახელმწიფო დოპინგ სისტემა მოქმედებდა. გაუგებარია, მასში მონაწილე ადამიანები დაუსჯელები როგორ რჩებიან."

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე უკმაყოფილოა ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბრიტანელი წევრი ადამ პენგილი: სპორტისთვის ეს საშინელი და შავი დღეა. CAS-მა კრახი განიცადა. უნდა გადაიხედოს სპორტის მოწინავე ადმინისტრატორსა და სპორტის სამართლებრივ სისტემასთან ურთიერთობები. ვხედავთ, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობას."

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კომისიის მიერ სამუდამოდ დისკვალიფიცირებული 28 რუსი სპორტსმენი სრულად გამართლებულია, ხოლო 11-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, რუსეთის ნაკრების დისკვალიფიცირებულმა სპორტსმენებმა ჩამორთმეული მედლებიც დაიბრუნეს, IOC-ის თანხმობისა და შესაბამისად მიწვევის შემთხვევაში კი პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.