ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში IOC-ის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას

07 თებერვალი 2018

საერთაშორისო ოლიმპირი კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. IOC-ის პრეზიდენტის თქმით, ის ოლიმპიურ ჩირაღდანს გადასცემს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ მიროსლავ ლაიჩაკს, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა.

ჩირაღდნით ოლიმპიური ცეცხლის ტარების შესაძლებლობა მექნება, - ამბობს ბახი, - მოუთმენლად ველი ამ მომენტს. პარასკევს, დილით ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა საშუალებას მაძლევს სიმბოლურად გადავუხადო მადლობა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, რომელმაც ხელი შეუწყო ოლიმპიურ ზავს. მე მას გადავცემ ოლიმპიურ ცეცხლს და ამით ჩემს მადლიერებასაც გამოვხატავ."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთკორეელ სპორტსმენთა ერთიანი დროშით გამოსვლის თემასაც შეეხო. ასევე ისტორიული პარალელი გაავლო გერმანიასთან, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა ოლიმპიადებზე ორ გუნდად გამოდიოდა.

„ორივე კორეის ერთობლივი აღლუმი და ჰოკეიში გაერთიანებული ქალთა გუნდი განსაკუთრებული მომენტია. ჩემთვის ეს ყოველივე ბევრს ნიშნავს. წარსულში ჩემი ქვეყანაც ორად იყო გაყოფილი, თამაშებზე ორი სხვადასხვა გუნდი გამოდიოდა. ასე რომ, ჩემში ეს ემოციებს იწვევს,"- ამბობს ბახი.

სოკ-ის პრეზიდენტმა ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრა: საორგანიზაციო კომიტეტის მოხსენების თანახმად, 2018-ის თამაშების ყველა ობიექტი მზადაა, ყველაფერი შესანიშნავადაა. ზამთრის სახეობათა საუკეთესო წარმომადგენლები  საუკეთესო პირობებით არიან უზრუნველყოფილნი. დამყარებულია ზამთრის ოლიმპიადების რეკორდი , რომლის მიხედვით თამაშებზე 92 ქვეყანის წარმომადგენლები გამოვლენ.

ბილეთების 78 პროცენტი გაყიდულია. რა თქმა უნდა, დიდ სამუშაოს ასრულებენ მოხალისეები. ხედავთ კიდეც, როგორ გვიღიმის კორეა. მოხალისეთა ღიმილის დამსახურებით, ქვეყანა ეფექტურად მოქმედებს."