ფურნეირონის კომისიამ დოპინგთან დაკავშირებული ახალი რუსი სპორტსმენები გამოავლინა

07 თებერვალი 2018

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა დაშვების სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა ვალერი ფურნეირონმა პიონჩანგში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 132-ე სესიაზე ახალი განცხადება გააკეთა. მოხსენებით გამოსვლისას  მან აღნიშნა, რომ დოპინგთან დაკავშირებით რუსულ სპორტში ახალი ფიგურანტებია გამოვლენილი, ისეთები, რომელთა სახელებიც ადრეულ მოხსენებებში არ ფიგურირებდა.

„ჩვენი ამოცანაა შეჯიბრებებზე არ დავუშვათ ის სპორტსმენები, რომლებიც აკრძალული პრეპარატების მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი. საგანაცხადო სიიდან რუსეთის დელეგაციის 50 მწვრთნელი და სამედიცინო შტაბის 10 წევრი ამოვიღეთ. გარდა ამისა, დოპინგთან დაკავშირებული რამდენიმე ისეთი ათლეტი აღმოვაჩინეთ, რომელთა სახელებიც ადრეულ მოხსენებებში არ ჩანდა", - გაწეული სამუშაოს შედეგებს აფასებს ფურნეირონი. 

ერთი დღით ადრე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიერ გამართლებულ რუს სპორტსმენთა პიონჩანგის თამაშებზე არ დაშვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ CAS-ის გადაწყვეტილება რუს სპორტსმენთა თამაშებზე მისაწვევად არასაკმარისია.

1 თებერვალს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ IOC-ის მიერ 28 რუსი სპორტსმენისთვის გამოტანილი სამუდამო დისკვალიფიკაციის სასჯელი გააუქმა და სოჭის 2014 წლის თამაშებზე მიღწეული შედეგები აღუდგინა. ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დამნაშავეთ სცნეს 11 სპორტსმენი, მაგრამ მათ შემთხვევაში სამუდამო დისკვალიფიკაცია პიონჩანგის ოლიმპიადიდან მოკვეთით შეიცვალა.

„CAS-ის გადაწყვეტილებას დოპინგთან დაკავშირებული ეჭვები არ გაუქარწყლებია და არც საკმარისი მტკიცებულებები წარმოუდგენია. შედეგად გამართლებულ რუს სპორტსმენებს მოსაწვევები არ დაგზავნიათ. გარდა ამისა, CAS-ს საკუთარი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც არ გამოუქვეყნებია", - განმარტავს ფურნეირონი.

დღევანდელი მონაცემებით, პიონჩანგის ოლიმპიადაზე დაშვებულია 169 რუსი სპორტსმენი, რომლებიც სოკ-ის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება აქვთ.