პიონჩანგის ოლიმპიადაზე თოვლის ფრენბურთს წარადგენენ

09 თებერვალი 2018

გარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებებისა, პიონჩანგში თოვლის ფრენბურთში საჩვენებელი ტურნირიც გაიმართება.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება სახელად Snow Volleyball Night 14 თებერვალს ჩატარდება. FIVB-სა და ფრენბურთის ევროპის კონფედერაციის (CEV) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საჩვენებელ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფრენბურთის, ისე პლაჟის ფრენბურთის მსოფლიოს ვარსკვლავები. მათ შორის, ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პეკინისა და ლონდონის თამაშების ვერცხლის მედალოსანი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიელი ჟიბა, სიდნეის ოქროსა და ატლანტის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, სერბი ვლადიმირ გრბიჩი, პლაჟის ფრენბურთში ათენის ოლიმპიური ჩემპიონი და ლონდონისა და პეკინის თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბრაზილიელი ემანუელი, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი, ჩინელი სუ ჩენი.

FIVB-ის პრეზიდენტი არი გრასას განცხადებით, ეს ღონისძიება მმართველ ორგანოს საშუალებას მისცემს თოვლის ფრენბურთის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გაახმოვანოს:ოლიმპიადა თოვლის ფრენბურთის წარმოსაჩენად საოცარი გარემოა. სპორტის ახალი სახეობის გეოგრაფიის ზრდის პრესპექტივა გვხიბლავს. FIVB მსოფლიოს მასშტაბით სპორტის ამ სახეობის განვითარების გეგმებს 2018/2019 წლების სეზონში და შემდგომ წარადგენს. მიგვაჩნია, რომ ფრენბურთი ყველასთვის ხელმისაწვდომია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, პლაჟზე თუ მთებში. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მსოფლიოში ნომერ პირველი საოჯახო სპორტი. თოვლის ფრენბურთი ამ მიზანთან გვაახლოებს."

თოვლის ფრენბურთში მატჩები, ფაქტობრივად, პლაჟის ფრენბურთის წესების შესაბამისად ტარდება. გუნდი ორი სპორტსმენისგან შედგება.

თოვლის ფრენბურთის საინაუგურაციო ევროპის ჩემპიონატს ავსტრია უმასპინძლებს (23-25 მარტი). მასში მონაწილეობას მიიღებს ქალთა და ვაჟთა 24 გუნდი.