პიონჩანგში ოლიმპიური ცეცხლი აინთო

09 თებერვალი 2018

დღეს პიონჩანგში საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები. ორსაათიან თვალწარმტაც ცერემონიას  პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა 200-მდე ქვეყნის ტელემაყურებელი, უშუალოდ ოლიმპიურ სტადიონზე კი - 35 000 ადამიანი. ეს ხუთკუთხა სტადიონი სპეციალურად ააშენეს ოლიმპიური თამაშებისა და პარალიმპური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალებისთვის.

სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალური სიტყვით მიმართეს პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი-ბომმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. შესრულდა ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული სხვა რიტუალებიც, რასაც წინ უძღოდა სპორტული დელეგაციების აღლუმი, რომლებმაც ტრიბუნების წინ ჩაიარეს კორეული ანბანის შესაბამისი თანმიმდევრობით.

ტრადიციისამებრ, აღლუმი გახსნეს ოლიმპიური თამაშების სამშობლოს - საბერძნეთის წარმომადგენლებმა. თამაშებში სულ 92 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, გარდა ამისა, რუსი სპორტსმენები ნეიტრალური ოლიმპიური დროშით („ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან") გამოდიან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები კი აღლუმზე ერთ გუნდად წარსდგნენ, ოღონდ - ორი მედროშით. სწორედ მათი გამოსვლით დასრულდა ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჩვენს დელეგაციას საქართველოს დროშით წინ მოუძღოდა  მოციგურავე მორის ყვითელაშვლი, რომელიც თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა იაპონიიდან. სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ყვითელაშვილი სეულის აეროპორტიდან ოლიმპიურ სტადიონზე უმოკლეს დროში აღმოჩნდა, რათა ეს ფრიად საპატიო მისია შეესრულებინა. მასთან ერთად აღლუმში მონაწილეობდნენ ჩვენი სხვა ოლიმპიელები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და გიორგი სოღოიანი, აგრეთვე მათი მწვრთნელები და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი.

2018 წლის ზამთრის XXIII თამაშები გახსნილად გამოაცხადა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა.  ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი ერგო ფიგურულ სრიალში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს  იუ ნა კიმ.

სინოპტიკოსების ადრინდელი პროგნოზით, ეს უნდა ყოფილიყო ზამთრის თამაშების ყველაზე „ცივი" გახსნის ცერემონიალი (აქამდე ასეთად ითვლებოდა ლილეჰამერის თამაშები - მინუს 11 გრადუსი), მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა და ცერემონიალის მსვლელობისას ყველაზე დაბალი ტემპერატურა იყო მინუს 3 გრადუსი.