CAS-მა 45 რუსი სპორტსმენის საჩივარი არ დააკმაყოფილა

10 თებერვალი 2018

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გამსვლელმა ჯგუფმა არ დააკმაყოფილა 45 რუსი სპორტსმენის საჩივარი  პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების შესახებ. CAS-ის განმარტებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ოლიმპიადაზე მიწვეულ რუს სპორტსმენთა სიის შედგენის პროცესს არ შეიძლება სანქცია ეწოდოს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს მატიე რიბის  მიაჩნია, რომ რუსების საქმეების განხილვისას სასამართლომ  გაითვალისწინა ის კრიტერიუმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა IOC-ი.

CAS-ის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას მიესალმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, განაჩენით კმაყოფილია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოც (WADA).

გადაწყვეტილება სასიამოვნო სიახლეა როგორც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთვის, ისე სუფთა სპორტის ერთგული ადამიანებისთვის. კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოლიმპიური თამაშების გახნის ცერემონიალამდე. ყოველივე დაამშვიდებს სპორტსმენებს და სხვებსაც. ახლა თამაშებზე გამოვლენ ის რუსი სპორტსმენები, რომლებმაც ყველაზე მკაცრი ანტისადოპინგო კრიტერიუმები გაიარეს", - აცხადებს WADA-ს პრეზიდენტი კრეიგ რიდი.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს რუსეთის სპორტში დოპინგის მხარდაჭერის ინსტიტუციური სისტემის არსებობის გამო დროებით შეჩერებული აქვს IOC-ის წევრობა, მათი ქვეყნის ნაკრებს პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება არ აქვს. რუსი სპორტსმენები, რომლებმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიისგან ინდივიდუალური მოსაწვევები მიიღეს, თამაშებში  ოლიმპიური დროშით და „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (Olympic Athlete from Russia) სტატუსით გამოდიან. IOC-მა სულ 169 რუსი სპორტსმენი მიიწვია, აქედან ერთმა  - ციგურებით მორბენალმა ოლგა გრაფმა პროტესტის ნიშნად პიონჩანგში ასპარეზობაზე უარი განაცხადა.