პირველი მედლები და გიორგი სოღოიანის პირველი ოლიმპიური სტარტი

10 თებერვალი 2018

პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშებული პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა 30 წლის შვედი მოთხილამურე შარლოტ კალა. მან 15-კილომეტრიანი დისტანცია მეტოქეებზე სწრაფად დაფარა და მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. მეორე ადგილზე გასულმა ლეგენდარულმა ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და ქალთა შორის ზამთრის ოლიმპიადებზე მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით ყველას გადაასწრო - 6 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

ოქროს მედლის ანგარიში ოლიმპიადის მასპინძლებმაც გახსნეს - 1500 მეტრზე შორტ-ტრეკში საუკეთესო იყო  კორეელი ჰიოჯუნ ლიმი. დღეს გათამაშდა მედლების კიდევ 3 კომპლექტი: 3000 მეტრზე ციგურებით რბოლა მოიგო ჰოლანდიელმა კარლინ ახტერექტემ, ქალთა ბიატლონი (7,5) - უპირობო ფავორიტმა, გერმანელმა ლაურა დალმაიერმა, ტრამპლინიდან ხტომა - მისმა თანამემამულემ, ანდრეას ველინგერმა. საერთო გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს მედლით სწორედ გერმანელები ლიდერობენ.

დიდი ალბათობით, ხვალ გერმანელ მედალოსანთა რიგებს მოციგავე ფელიქს ლოხიც შეემატება. ოლიმპიური თამაშების 3-გზის და მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი, 28 წლის ლოხი გამოკვეთილი ლიდერია მოციგავეთა ტურნირის პირველი დღის შედეგების მიხედვით.

პიონჩანგში ჯილდოებისთვის ბრძოლაში 40 მოციგავე ჩაება, რომელთა შორის არაერთი გამოცდილი და ტიტულიანი სპორტსმენია. მათ მხარდამხარ გამოდის 20 წლის ბაკურიანელი გიორგი სოღოიანიც. მან ოლიმპიური ლიცინზიის აღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დიდი სპორტისკენ მიმავალ გზაზე, პიონჩანგში კი ეცდება, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს.

ჩვენი გუნდიდან  სტარტზე პირველი სწორედ გიორგი სოღოიანი გავიდა. მისი გამოსვლის სანახავად დღეს პიონჩანგის ოლიმპიურ საციგაო ცენტრს საქართველოს დელეგაცია ლამის სრული შემადგენლობით ეწვია. პირველ დაშვებას გიორგიმ 49,3 წამი მოანდომა, მეორეს -49,151 წამი. ამ მონაცემებით ის ჯერჯერობით 32-ადგილზეა.

ვაჟ მოციგავეთა ინდივიდუალური ტურნირი ხვალ დასრულდება და, შესაბამისად, მაშინ გვეცოდინება, როგორ განაწილდება მედლები და საბოლოოდ რომელ ადგილზე გავა გიორგი სოღოიანი.