ჭირვეული ამინდი და ცვლილებები ოლიმპიური თამაშების პროგრამაში

11 თებერვალი 2018

ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი გამაფრთხილებელ განცხადებას აქვეყნებს და  ტემპერატურის მინუს 25 გრადუსამდე შესაძლო დაცემის შესახებ იტყობინება.

„პროგნოზის მიხედვით, დღეს, 11 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი და ასეთი ამინდი გაგრძელდება 14 თებერვლამდე, - აცხადებს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი სონ პეკ იუ, - შემდეგ შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა მინუს 25 გრადუსამდე დაეცეს. ყველას ვურჩევთ, ჩაიცვან თბილი ტანსაცმელი."

ამინდმა უკვე შეიტანა გარკვეული კორექტივები ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მაგალითად, კაცებს შორის სამთო-სათხილამურო სწრაფდაშვება 15 თებერვლის 11 საათისთვის გადაიტანეს, იმ დღეს დანიშნული სუპერ-გიგანტის სტარტი კი ერთი დღით გადაწიეს.

სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FIS) იტყობინება, რომ ორგანიზატორები და ტექნიკური კომისიის წევრები იძულებულნი გახდნენ ასეთი ნაბიჯი გადაედგათ, რადგანაც ქარის სიჩქარემ საათში 72 კმ-ს მიაღწია, მომავალი რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზი კი დამაიმედებელი არ არის.

სწრაფდაშვება და სუპერ-გიგანტი Jeongseon Alpine Centre-ში უნდა გაიმართოს. რაც შეეხება სლალომს და გიგანტურ სლალომს, სადაც ნონო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი გამოდიან, ამ დისციპლინებში შეჯიბრება Yongpyong Alpine Centre-ში ტარდება და ჯერჯერობით კალენდარში ცვლილებები არ შეუტანიათ. ჩვენი სამთო-მოთხილამურეები დღეს ვარჯიშობენ, ხვალ კი ოლიმპიურ სტარტზე პირველი გავა წიკლაური, რომელიც გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.