ტყვიით სროლაში ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი პიონჩანგში მოხალისედ ჩაეწერა

13 თებერვალი 2018

ტყვიით სროლაში ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა, სამხრეთკორეელმა ჩინ ჩჟონ ომ მონაწილეობა მიიღო პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოხალისეთა პროგრამაში. სააგენტო „იონჰაპის" ცნობით, პიონჩანგში დაახლოებით 15 ათასი მოხალისე მუშაობს. მათ შორის 39 „განსაკუთრებული მოხალისეა." ესენი არიან ათლეტები, პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები.

„ოლიმპიური კომიტეტის მოხალისეთა საგანგებო პროგრამის შესახებ შევიტყვე და გადავწყვიტე, სამხრეთკორეულ ოლიმპიადაზე მისი ნაწილი მეც გავხმდარიყავი, - გვეუბნება ჩინ ჩჟონ ო, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებლის რანგში დასწრებით მიღებულ ემოციებსაც ხაზს უსვამს. - ჩემი ოლიმპიური გამოცდილება მასში მონაწილეობა იყო, დღეს კი, როდესაც სხვა სპორტსმენებს გვერდიდან ვადევნებ თვალყურს, ახლებური ემოციები მეძალება. საკუთარ თავზე გავიფიქრე: აი, თურმე თავს როგორ გრძნობენ, როდესაც სპორტსმენებს გულშემატკივრობენ. ყოველივე მეტად ამაღელვებელი იყო."

ტიტულიანი ტყვიის მსროლელის თქმით, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების ფორმა მოხალისის ეკიპირებით შეცვალა, ოლიმპიურ თამაშებს ახლებურად შეხედა: „ვფიქრობ, რომ ოლიმპიური თამაშები მართლაც აახლოვებს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს. ყველა ერთხმად გულშემატკივრობენ თავიანთ რჩეულებს და სპორტული ასპარეზობებით ტკბებიან. რა თქმა უნდა, სათქმელად იოლია, მაგრამ მინდა სპორტსმენებს ვურჩიო, ზედმეტად არ განიცადონ საკუთარი ასპარეზობა. აქ მთავარი უფრო ის არის, რომ ყველაფერი იღონო, რათა მერე არ ინანო,  რაღაც ისე ვერ გავაკეთეო."

ჩინ ჩჟონ ო სპორტული პისტოლეტით სროლაში (50 მ) პეკინის, ლონდონისა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონია, პნევმატური პისტოლეტთ სროლაში (10 მ) კი - ლონდონის თამაშების ოქროს მედალოსანი. გარდა ამისა, სამხრეთკორეელის ანგარიშზეა ათენისა და პეკინის ოლიმპიადების თითო ვერცხლის მედალი და მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს ჯილდო. გარდა ამისა, ის ერთადერთია, ვინც ტყვიით მსროლელთა პირად პირველობაში ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა, ასევე ერთადერთი, რომელმაც სპორტული პისტოლეტით ზედიზედ სამ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედლები.