სეული: შეხვედრა საქართველოს საელჩოში

13 თებერვალი 2018

ყინვამ და ქარმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ზამთრის ოლიმპიური თამაშების კალენდარში. ორგანიზატორებმა რამდენიმე სტარტი გადაიტანეს, მათ შორის - 12 თებერვლისთვის Yongpyong Alpine Centre-ში დანიშნული ქალთა გიგანტური სლალომი, სადაც ჩვენი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური უნდა გამოსულიყო. ამ დისციპლინაში ოლიმპიური მედლები ზეგ, 15 თებერვალს უნდა გათამაშდეს, ხვალ კი, ადრე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, შეჯიბრება სლალომში ჩატარდება. განაცხადში სულ 83 სპორტსმენია შეყვანილი, წიკლაური მე-60 გამოვა.

„რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როცა კალენდარი იცვლება, მაგრამ ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება ჩვენს სახეობაში. სამთო მოთხილამურეები ამას მიჩვეულები ვართ. იმედია, ხვალ კარგი ამინდი იქნება და პირველი სტარტი შედგება. ეს დღეები უქმად არ გამიტარებია - ინტენსიურად ვვარჯიშობ და ვემზადები. დიდ შეჯიბრებებზე გამოსვლის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და, იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამ ოლიმპიადაზე კარგი შედეგი ვაჩვენო," - ამბობს ნინო წიკლაური.

სანამ ჩვენი სპორტსმენები - ნინო წიკლაური, მორის ყვითელაშვილი და იასონ აბრამაშვილი უმნიშვნელოვანესი სტარტისთვის ემზადებიან, ქართული ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები პიონჩანგიდან სეულში ჩავიდნენ და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ. ჩვენი საელჩო კორეის დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ორსართულიან ოფისშია განთავსებული.

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა სტუმრებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია საელჩოს საქმიანობის შესახებ. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობა დღითიდღე ვითარდება. 2011 წელს სეულში საქართველოს საელჩოს დაფუძნება და 2015 წელს თბილისში კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩამოყალიბება, როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე კორეელი და ქართველი ხალხის ორმხრივი მზარდი კავშირების ნათელი მაგალითია.

თავად ბერძენიშვილი კორეის რესბუბლიკაში ელჩად შარშან დაინიშნა, მასთან ერთად საქმიანობენ მრჩევლები - დავით ჩიკვაიძე და ზაალ ჭკუასელი, ფინანსური მენეჯერი თეა კლდიაშვილი და მდივანი ანჯელ კიმი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, აქ, შორეულ კორეაში გიმასპინძლოთ ქართული ოლიმპიური მოძრაობის და სპორტის ხელმძღვანელებს. თითოეული თქვენგანი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყანა წარმატებული იყოს სპორტში. დიდად ვაფასებთ თქვენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.  როგორც ხედავთ, საელჩოც მობილიზებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი ოლიმპიურ თამაშების მსვლელობისას წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში. ამ დღეებში სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მისია," - განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ელჩს გულითადი მასპინძლობისთვის და ოლიმპიურ კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რაც უკვე რამდენიმე წელიწადს ითვლის. მან გაიხსენა  2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, როცა ოთარ ბერძენიშვილი ბრაზილიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა: „ჩვენს თანამშრომლობას სწორედ ბრაზილიაში ჩაეყარა საფუძველი, დღეს კი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ქართული ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ბრძანდებით. თქვენი მხარდაჭერა მისასალმებელი და დასაფასებელია. მინდა პირადად თქვენ და საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გითხრათ გამოჩენილი ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის," - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა ახლახანს  კორეულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი."