ნინო წიკლაური: სამი ნაბიჯი წინ

15 თებერვალი 2018

დღეს პიონჩანგში დილიდანვე მშვენიერი ამინდი იდგა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს საშუალება მიეცათ განეახლებინათ შეჯიბრებები სამთო თხილამურობაში.

12 თებერვლიდან გადადებული ქალთა გიგანტური სლალომის სტარტზე 79  სპორტსმენი დადგა, ფინიშის გადაკვეთა კი 71-მა შეძლო. მათ შორის იყო 24 წლის ნინო წიკლაური, რომელსაც პირველი დაშვების შემდეგ 51-ე პოზიცია ეკავა (1:20.02), მეორე ცდაზე კი დისტანციის გასავლელად 1:16.91 წუთი დასჭირდა. ჯამში ჩვენს მოთხილამურეს 2:36.93 წუთი დაუგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო ცხრილში 46-ე ადგილის დასაკავებლად.

 ნინო თავის მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის, აქამდე კი გიგანტურ სლალომში მისი საუკეთესო შედეგი იყო 2014 წელს სოჭში მოპოვებული 49-ე ადგილი. ასე რომ, ჩვენმა სპორტსმენმა სამი საფეხურით წინ წაიწია.

„ამ ოლიმპიადისთვის კარგად მოვემზადე და მქონდა შანსი, გიგანტურ სლალომში უკეთესი შედეგი მეჩვენებინა. ტრასა უფრო რთული მეგონა და ამიტომაც პირველ ცდაზე ზედმეტად ვფრთხილობდი. მეორე დაშვებისთვის სამი წამით ნაკლები დრო დამჭირდა, თუმცა 40 საუკეთესოში შესვლა მაინც ვერ შევძელი. ვეცდები, ხვალ სლალომში უკეთ გამოვიდე და უფრო მაღალი ადგილი დავიკავო, თუმცა ისეთი მეტოქეები მყავს, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება," - გვითხრა ნინო წიკლაურმა.

გიგანტურ სლალომში, როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა სპორტული სეზონის ლიდერი, ამერიკელი მიქაელა შიფრინი (2:20.02), ვერცხლის მედალი მიიღო ნორვეგიელმა რეიჰილდ მოვინკელმა (2:20.41), ბრინჯაოსი - იტალიელმა ფედერიკა ბრიგნონემ (2:20.41).

ხვალ თბილისის დროით 05:00 საათზე Yongpyong Alpine Centre-ში სტარტს აიღებს ქალთა შეჯიბრება სლალომში. ნინო წიკლაური ამჯერად ტრასაზე გავა 56-ე ნომრით. ხვალვე, იგივე დროს Gangneung Ice Arena-ში  იწყება ვაჟთა ოლიმპიური ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. ხვალინდელი დღე მოკლე პორგრამას დაეთმობა, ზეგ კი თავისუფალი პროგრამის დღეა.  30 უძლიერეს მოციგურავესთან ერთად იასპარეზებს 22 წლის ქართველი ოლიმპიელი მორის ყვითელაშვილი.