კანადელ შორტ-ტრეკისტს ბრინჯაოს მედლის გამო ემუქრებიან

15 თებერვალი 2018

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შორტ-ტრეკში 500 მეტრზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ კანადელმა კიმ ბუტენმა არაერთი მუქარის წერილი მიიღო. საქმე ის არის, რომ ბუტენმა ასპარეზობა რბოლის გამარჯვებულ იტალიელ არიანა ფონტანას, მასპინძელთა ფავორიტ ჩოი მინ-ჯონისა და ჰოლანდიელ იარა ვან კერხოფის შემდეგ - მეოთხე ადგილზე დაასრულა. საპრიზო ადგილზე მისი დაწინაურების მიზეზი კი ჩოი მინ-ჯონის დისკვალიფიკაცია აღმოჩნდა, რომელიც გასწრებისას მეტოქესთან კონტაქტისთვის დაისაჯა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამხრეთკორეელ გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა სოციალურ ქსელებში ბუტენის შეურაცხყოფა დაიწყო, მეორე - უფრო რადიკალურად განწყობილი ჯგუფი კი კანადელს  ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. „გილოცავთ ბინძურ მედალს", „თუ გიპოვი, მოკვდები"... კანადელი იძულებული გახდა თავის გვერდზე შესვლა დაებლოკა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეს-მდივნმა მარკ ადამსმა შექმნილი ვითარების გამო სინანული გამოთქვა, გულშემატკივრებს კი ოლიმპიადის მედალოსნების მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდა. IOC-მა მომხდარს სამწუხარო შემთხვევა უწოდა და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელების გაკონტროლება არ შეუძლია.

2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის თამაშებზე მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა ამერიკელი შორტ-ტრეკისტი ანტონ აპოლო ონოც. ამერიკელმა მაშინ 1500 მეტრზე გარბენი კორეელი კიმ დონ-სუნის დისკვალიფიკაციის შემდეგ მოიგო, რომელმაც ასპარეზობისას ონოს გზა მოუჭრა და ხელი შეუშალა. მაშინ კორეელთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ონომ კიმის მხრიდან წესების დარღვევის ინსცენირება მოაწყო. IOC-ში გაბრაზებულ კორეელ გულშემატკივართა იმდენი წერილი მიიღეს, რომ ელექტრონული ფოსტის სერვერებმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლეს. 

აღსანიშნავია, რომ კორეელთათვის შორტ-ტრეკი ეროვნულ სახეობადაა მიჩნეული და პოპულარობით ფეხბურთსაც არ ჩამორჩება.1992 წლიდან მოყოლებული, როდესაც შორტ-ტრეკი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი გახდა, კორეელები მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე არიან (42 მედალი, მათ შორის 21 ოქრო).