წიკლაური სლალომში 39-ე იყო, ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 22-ე ადგილზეა

16 თებერვალი 2018

დღეს ოლიმპიურ თამაშებში ჩაებნენ  მოციგურავე ვაჟები. ისინი Gangneung Ice Arena-ში  შეკრებილი 10 ათასი მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარსდგნენ. მორის ყვითელაშვილს კენჭისყრით მე-11 ნომერი ერგო და თავის ჯგუფში ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ურთულესი ოთხმაგი ბრუნი არ გამოუვიდა, წაიქცა და შესაბამისად, მხოლოდ 76.56 ქულა მიიღო.

როცა შეჯიბრებაში მონაწილე ოცდაათივე სპორტსმენის გამოსვლა შეფასდა, გაირკვა, რომ ყვითელაშვილს 22-ე შედეგი აღმოაჩნდა. 111.68 ქულით დაწინაურდა წინა ოლიმპიადის ჩემპიონი, იაპონელი ჰანიუ იუძურუ, მეორე შედეგი აქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ესპანელ ხავიერ ფერნანდესს - 107.58, მესამე პოზიციაზეა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, იაპონელი შომა უნო - 104.17.

ხვალ, თბილისის დროით 05:00 საათზე  დაიწყება თავისუფალი ვარჯიში. მორის ყვითელაშვილს გამოსვლა მე-6 ნომრად უწევს.

რაც შეეხება ჩვენს სამთო მოთხილამურეს ნინო წიკლაურს, მან უკვე დაასრულა ოლიმპიადაზე გამოსვლა. დღეს ნინომ სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა, რაც მისთვის საუკეთესო ოლიმპიური შედეგია. ქართველმა მოთხილამურემ სლალომის ტრასა პირველ ცდაზე 55.88 წამში დაფარა, მეორე ცდას კი 55.74 წამი მოანდომა. ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შვეციელი ფრიდა ჰანსდოტერი.

თავისი მეოთხე ოლიმპიური სტარტის მოლოდინშია ჩვენი მეოთხე ოლიმპიელი იასონ აბრამაშვილი. ის 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა,  22 თებერვალს კი - სლალომში.