რუსეთის ოლიმპიური გუნდის კანდიდატები ნარკოტიკების გასაღებისთვის დააკავეს

05 აპრილი 2012

მოსკოვში აკრძალული მოსაწევი საშუალებების გასაღების ბრალდებით რუსეთის ფარიკაობის ნაკრების წევრები დააკავეს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების რეალურ კანდიდატებად ითვლებიან. როგორც ახალი ამბების სააგენტო „Life news" იუწყება ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ფაქტზე აიყვანეს, როდესაც იგი 10 კილოგრამის ოდენობით ნარკოტიკს იღებდა.

სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი 22 წლის ევგენი სალავიოვი პოლიციამ რუსეთის დედაქალაქის დასავლეთ რაიონში დააკავა, სადაც იგი ნარკოტიკების ბითუმად გამსაღებლებს საქმეზე ურიგდებოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა სალავიოვის კიდევ ორი თანამზრახველი აიყვანეს, რომლებიც ასევე მოფარიკავეები აღმოჩნდნენ.

„ნარკოპოლიციას სრული საფუძველი ჰქონდათ სალავიოვზე ეფიქრათ, რომ იგი აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელია. რამდენიმე კვირის დაკვირვების შედეგად ეს ეჭვები გამართლდა" - აღნიშნავენ რუსეთის სამართალდაცავ ორგანოებში.

თავდაპირველი ინფორმაციით სამივე მათგანს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ფარიკაობაში ქვეყნის ღირსება უნდა დაეცვათ, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე განმარტება ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი იყვნენ ნაკრების კანდიდატები და მათი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 100 პროცენტით გადაწყვეტილი არ ყოფილა.

„ყველანი შოკირებულნი ვართ. მათთვის ჯერ ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ და წინასწარ რაიმეს გადაჭრით თქმა ნაადრევია"- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.