პიონჩანგიდან ნორვეგიაში და უკან - ბრინჯაოს მედლის მისაღებად

23 თებერვალი 2018

რუსი კერლინგისტებისთვის დოპინგზე ჩავარდნის გამო ჩამორთმეული ბრინჯაოს მედლები პიონჩანგში მეოთხე ადგილზე გასულ ნორვეგიელთა წყვილს - კრისტინ სკასლიენისა და მაგნუს ნედრეგოტენს გადაეცემათ. ეს მოხდება შაბათს,  საგანგებოდ მოწყობილ ცერემონიალზე, სადაც ისინი ოფიციალურად  დაჯილდოვდებიან.

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსნებად ნორვეგიელები მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც  რუს კერლინგისტს ალექსანდრ კრუშელნიცკის დოპინგსინჯის აღების მერე  მელდონიუმზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ამ მიზეზით, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსებს ოფიციალურად ჩამოართვა ბრინჯაოს მედალი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) დღევანდელი განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიელებს მედლები ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალამდე გადაეცემათ. სკასლიენ-ნედრეგოტენის წყვილს, რომელიც პიონჩანგში ასპარეზობის შემდეგ ნორვეგიაში დაბრუნდა, მედლების მისაღებად სამხრეთ კორეაში დაბრუნება მოუწია.

აღსანიშნავია, რომ აკრძალული პრეპარატის მიღებაში მხილებული ათლეტისთვის ჩამორთმეული მედლების სუფთა სპორტსმენისთვის გადაცემას, ჩვეულებრივ,  თვეები სჭირდება, ნორვეგიელთა შემთხვევაში კი ყოველივე რეკორდულად სწრაფად მოგვარდა.