ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

25 თებერვალი 2018

დღეს, 25 თებერვალს პიონჩანგში დასრულდა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში განაწილდა მედლების 102 კომპლექტი.

 პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ დახურვის ცერემონიალს თვალს ადევნებდა მილიარდობით ადამიანი. სტადიონის ტრიბუნების წინ ჩაიარეს მსოფლიოს 92 ქვეყნის სპორტსმენებმა, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლებმა. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშა მოჰქონდა ბაკურიანელ სამთო მოთხილამურეს იასონ აბრამაშვილს.

სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი-ბომმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 „17 ოლიმპიური დღის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, თუ  როგორ აერთიანებს სპორტი ადამიანებს მთელ ს მსოფლიოში და აშენებს მეგობრობის ხიდებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს დიალოგს ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის შემდეგაც. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მომავლის რწმენით, ჩვენ ხელს ვუწვდით ყველას, რათა გავერთიანდეთ ამ რწმენის გარშემო. სპორტსმენებო, თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითები ჩვენი ოპტიმიზმისა, მადლობა თქვენ სამართლიანი ბრძოლისთვის და კონკურენტული სულისთვის,"  - განაცხადა თომას ბახმა.

მომავალი ოლიმპიური თამაშები 4 წლის შემდეგ პეკინში გაიმართება.

საქართველოს სპორტსმენების შედეგები პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

ციგაობა:  გიორგი სოღოიანი  - 32;

სამთო თხილამურობა: ნინო წიკლაური. სლალომი - 39, გიგანტური სლალომი - 46;

იასონ აბრამაშვილი. სლალომი - 28, გიგანტური სლალომი - დისკვალიფიკაცია;

ფიგურული ციგურაობა: მორის ყვითელაშვილი - 24.