პიონჩანგის გმირები და რეკორდები

25 თებერვალი 2018

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები, შედეგებთან ერთად, ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის. თამაშების გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიალის მონაწილეთა აღლუმზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული გუნდით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი სულაც ერთი გუნდით იასპარეზეს.

პიონჩანგში 3-3 ოქროს მედალს დაეუფლნენ ფრანგი ბიატლონისტი მარტინ ფურკადი და ნორვეგიელი მოთხილამურე იოჰანეს კლებო. უნიკალურ შედეგს მიაღწია ასევე ნორვეგიელმა მოთხილამურე მარიტ ბიორგენმა, რომელმაც პიონჩანგში ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქალ და ვაჟ სპორტსმენებს შორის ყველაზე უხვმედალოსანი ათლეტი, ქალ სპორტსმენებს შორის კი - ყველაზე ტიტულიანი. 37 წლის ნორვეგიელის ოლიმპიური მონაგარი 8 ოქროს, 4 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს მედალს ითვლის. რვა ოქროს და ოთხი ვერცხლის ჯილდო აქვთ ასევე მის თანამემამულეებს - მოთხილამურე ბიორნ დელის და ბიატლონისტ ოლე ეინარ ბიორნდალენს, თუმცა  მათ ბიორგენზე ნაკლები ბრინჯაოს მედალი აქვთ.

ნორვეგიელებმა ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარეს. სკანდინავიელებმა მედლების საერთო ჩათვლაში აშშ-ის ნაკრების მიერ ვანკუვერის თამაშებზე მოპოვებული 37-მედლიანი რეკორდი გააუმჯობესეს - 39 მედალი.

ნორვეგიელებმა ჯამში 14 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ამასთან, უმაღლესი სინჯის მედლებით კანადელების მიერ ასევე ვანკუვერში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.

მედლების საერთო ჩათვლაში მეორეზე გერმანია გავიდა, რომელსაც ასევე 14 ოქროს მედალი აღმოაჩნდა (14-10-7).  მესამეზე ადგილზეა კანადა (11-8-10), მეოთხეზე - აშშ (9-8-6), მეხუთეზე - ჰოლანდია (8-6-6), შვედეთი - მეექვსეზე (7-6-1). ოლიმპიადის მასპინძლებმა - სამხრეთკორეელმა სპორტსმენებმა ოქროს 5, ვერცხლის 8 და ბრინჯაოს 4 მდლით გუნდური მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

თამაშებამდე და თამაშების მსვლელობისას ყურადღების ცენტრში იყვნენ რუსი სპორტსმენები. დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთის  წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყნის სახელით  გამოსვლის უფლება არ მიეცათ. ისინი პიონჩანგში ოლიმპიური დროშით და „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR) სტატუსით წარსდგნენ. ამ ქვეყნის წარმომადგენლები უშუალოდ პიონჩანგშიც გაეხვნენ დოპინგ-სკანდალში, რაც კერლინგში შერეულ წყვილთა ასპარეზობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ჩამორთმევად დასრულდა.

რუსეთის ნაკრებმა, რომელიც ყოველთვის მოწინავეთა შორის იყო, თავისი ანტირეკორდი დაამყარა - 2  ოქრო. მედლების საერთო ჩათვლაში კი 17 მედლით (2-6-9) მე-13 ადგილი დაიკავა.

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სულ 92 ქვეყანის 2 925 სპორტსმენი  მონაწილეობდა, მედლის მოპოვება 30 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს.

პიონჩანგის ოლიმპიურ სარბიელზე დამყარდა მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდები. სარეკორდო გამოდგა იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის ასპარეზობაც. ორი ოლიმპიური ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი ზამთრის  ოლიმპიადების ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც მასში მერვედ მიიღო მონაწილეობა.

ზამთრის თამაშები ისტორიული გამოდგა იაპონელი მოციგურავე იუძურუ ჰანიუსთვის. ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენმა პიონჩანგში ჩემპიონობით ოთხი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა. თანაც, მისი ეს ოქრო ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში გათამაშებული მეათასე უმაღლესი სინჯის მედალი აღმოჩნდა. ამასთან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის (სენტ მორიცი - 1948, ოსლო - 1952), ამერიკელი დიკ ბატონის შემდეგ, იუძურუ ჰანიუ გახდა მეორე ოლიმპიელი, რომელმაც ფიგურულ სრიალში ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მოიპოვა.

აღსანიშნავია ციგურებით რბენაში ჰოლანდიელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიო რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელიც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბენაში ჯამში ცხრა ოლიმპიური მედალი დაუგროვდა.

ჰოლანდიელმა ირენ ვურსტმა ციგურებით რბენაში პიონჩანგში მოპოვებული ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა და  მედლების  რაოდენობით ქალთა თუ ვაჟთა შორის სპორტის ამ სახეობის  ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

ისტორიაში მეორედ ოქროს მედლები გაიყვეს ბობსლეისტებმა. გერმანელებმა და კანადელებმა ორადგილიანი ბობით ასპარეზობა ერთნარი შედეგით დაასრულეს. პირველად მსგავსი რამ 1998 წლის ნაგანოს თამაშებზე მოხდა.

რამდენიმე რეკორდი დამყარდა ფიგურულ სრიალშიც. ტესა ვირჩუსა და სკოტ მოირის კანადურმა წყვილმა სპორტულ ცეკვებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 206,07 ქულით მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა. რეკორდული აღმოჩნდა კანადელთა დუეტის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლებიც. ვანკუვერის ოქროს, სოჭის ორი ვერცხლის, პიონჩანგში გუნდურში და ახლა უკვე სპორტულ ცეკვებში მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედლებით კანადელები ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები გახდნენ.

საინტერესოა ისიც, რომ ვირჩუსა და მოირის სარეკორდო და საჩემპიონო ასპარეზობას წინ უძღოდა ოლიმპიადის დებიუტანტი ფრანგების - გაბრიელა პაპადაკისისა და გიომ სიზერნის მიერ თავისუფალში (123,35) და შემდგომ უკვე ორივე პროგრამის ჯამში (205,28) თავიანთივე მსოფლიო რეკორდების გაუმჯობესება.

რეკორდები ქალთა მოკლე პროგრამასაც ახლდა. ამასთან რამდენიმეწუთიან ინტერვალში ორჯერ. ამგვარი მიღწევებით თავი გამოიჩინეს რუსებმა. თავდაპირველად რეკორდული ქულები (81,61) ევგენია მედვედევამ დაიმსახურა, შემდეგ კი ალინა ზაგიტოვამ გააუმჯობესა (82,92) თანაგუნდელის შედეგი, მოგვიანებით კი ვერცხლისა და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. საინტერესოა, რომ ორივე მედალოსანი ეთერ თუთბერიძის მოწაფეა.

პიონჩანგის ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად უნდა შეირაცხოს 22 წლის ჩეხი ესტერ ლედეცკაია, რომელიც ერთდროულად სამთო-მოთხილამურეთა სუპერგიგანტურ სლალომში და სნოუბორდისტთა პარალელურ გიგანტურ სლალომში გამოვიდა და ორივეგან ჩემპიონი გახდა.