რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს შესაძლოა IOC-ის წევრობა აღუდგინონ

27 თებერვალი 2018

როგორც ცნობილია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა (IOC) ანტისადოპინგო წესების სისტემატური დარღვევის გამო, 5 დეკემბერს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტს  წევრობა დროებით შეუჩერა. ამით, თავის მხრივ, რუსეთის ნაკრებს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სახელით და დროშით გამოსვლის უფლება ჩამოერთვა.

საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ პიონჩანგის თამაშების მიწურულს რუსეთის ეოკ-ს IOC-ში უფლებამოსილება აღუდგებოდა, მაგრამ ამ მხრივ ჯერ არაფერი შეცვლილა. რუსეთისთვის უარის თქმის ძირითადი მიზეზი პიონჩანგში დაფიქსირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევის ორი შემთხვევა აღმოჩნდა: კერლინგისტი ალექსანდრ კრუშელნიცკისა და ბობსლეისტი ნადეჟდა სერგეევას დოპინგ-ტესტზე დადებითი პასუხები.

რუსეთის ეოკ-ს უფლებამოსილება ავტომატურად მას შემდეგ აღუდგება, როდესაც პიონჩანგში აღებული ყველა დოპინგ-სინჯი ხელმეორედ გადამოწმდება.

IOC-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ, ეროვნულ ანტისადოპინგო სააგენტოთა ინსტიტუტი (INADO) კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის IOC-ის მხრიდან დისკვალიფიკაციის შესაძლო მოხსნის განზრახვას აკრიტიკებს.