ლერი ხაბელოვი: "პიონჩანგში ურიგოდ არ გამოვსულვართ"

01 მარტი 2018

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების შედეგებს აჯამებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:

- ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ზაფხულის ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ჩვენ ზამთრის თამაშებში განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ გვაქვს. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელსაც ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. აქედან გამომდინარე, როცა პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისთვის ვემზადებოდით, ჩვენს წინაშე იდგა ორი მთავარი ამოცანა _ ხელი შეგვეწყო პოტენციური ოლიმპიელებისთვის გადაელახათ სალიცენზიო ბარიერი, შემდეგ კი მოგვემზადებინა ისინი უშუალოდ ოლიმპიადაზე რაც შეიძლება მაღალი ადგილების დასაკავებლად.

ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, რომელშიც ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ზამთრის სპორტის ფედერაციები. შედეგად მივიღეთ ოთხი ოლიმპიელი სპორტის სამ სახეობაში (შეგახსენებთ, რომ წინა სამ ოლიპიადაზე მხოლოდ ორ-ორი სახეობის წარმომადგენლები გვყავდა). ამათგან ორ სპორტსმენს, სამთო მოთხილამურეებს - იასონ აბრამაშვილს და ნონო წიკლაურს უკვე ჰქონდათ ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილება, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი კი დებიუტანტები იყვნენ. პიონჩანგში მათ მიერ ნაჩვენები შედეგები ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის: სოღოიანმა 40 მონაწილეს შორის 32-ე ადგილი დაიკავა, წიკლაური გიგანტურ სლალომში 46-ე იყო, სლალომში - 39-ე. ნინომ ორივე დისციპლინაში გააუმჯობესა ადრინდელი ოლიმპიადების შედეგები, რაც თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. სლალომში ასევე კარგად გამოვიდა იასონ აბრამაშვილი, რომელმაც 80 მეტოქეს გადაასწრო და საბოლოოდ 28-ე ადგილი ერგო. რაც შეეხება ყვითელაშვილს, მან ორი პროგრამის ჯამში 24-ე შედეგი აჩვენა, თუმცა ჰქონდა რეალური პოტენცია, გაცილებით უკეთ გამოსულიყო და პირველ ათეულში თუ არა, 15 საუკეთესოში მოსახვედრად ებრძოლა. ჩემი აზრით, მორისს სწორედ გამოუცდელობამ შეუშალა ხელი.

შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგში ურიგოდ არ გამოსულა და აქ მარტო სპორტულ შედეგებს არ ვგულისხმობ. სამხრეთ კორეაში გამგზავრებამდე და უშუალოდ ოლიმპიადის მსვლელობისას ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი საორგანიზაციო სამუშაო გასწია და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. ჩვენი ოლიმპიელები გაამხნევეს და მათს პირველ სტარტებს დაესწრნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი. მხარში გვედგნენ საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი და საელჩოს სხვა თანამშრომლები.

როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ მეშვიდედ გამოვედით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. დებიუტი შედგა 1994 წელს, ლილეჰამერში. მაშინ 4 ოლიმპიელი გყავდა, საუკეთესო შედეგი კი ციგაობაში აღებული მე-17 ადგილი იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ წლების განმავლობაში ლიცენზიანტ სპორტსმენთა რაოდენობასა და სპორტის სახეობათა გეოგრაფიაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას, გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლია. მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობას მასშტაბური გეგმები აქვს და მომავალ წლებში სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ მეტად საჭირო და საინტერესო საუბარი შედგა სოკ-ის პრეზიდენტ თომას ბახსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის 22 იანვარს ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე. მოგვიანებით, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზამთრის კურორტების, ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოდიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან ჩვენს სამთო კურორტებს, მოამზადებენ შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს.

მოკლედ, იწყება მეტად მნიშვნელოვანი პროცესი, რომელშიც, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, აუცილებელია აქედანვე შევიმუშაოთ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც კარდინალურად შეცვლის დღეს არსებულ ვითარებას და მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადების შესაძლებლობას მოგვცემს. მაშინ გაცილებით მეტი წონა ექნება ჩვენს განაცხადს, ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებს, მათ შორის, თუნდაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

საქართველო სერიოზული გეგმებით იწყებს ახალ ოლიმპიურ ეტაპს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს ხელშესახებ შედეგს.