EOC-ის დელეგაცია მინსკში

04 მარტი 2018

მინსკში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) დელეგაცია EOC-ის პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ EOC-ის გენერალური მდივანი რაფაელე პანოცი, EOC-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე სპიროს კაპრალოსი და EOC-ის სხვა წევრები, აგრეთვე ექსპერტთა ჯგუფი.

ევროპული სპორტის მაღალჩინოსნები გაეცნენ 2019 წლის მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობას, მოინახულეს სპორტული ობიექტები, შეხვდნენ ბელორუსის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინსკი-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებს.

„ნანახით კმაყოფილნი ვართ. ჩვენ აქ დაგვხვდა საქმიანი, მეგობრული ატმოსფერო. ამ მომენტისთვის სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კონტინენტის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენა - მეორე ევროპული თამაშები მაღალ დონეზე ჩაივლის," - განაცხადა იანეზ კოჩიანჩიჩმა.

მეორე ევროპულ თამაშებს ბელორუსის დედაქალაქი  2019 წლის 21-30 ივნისს უმასპინძლებს. სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში გათამაშდება მედლების 206 კომპლექტი.