ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოგამოფენა „თი ბი სი გალერეაში"

05 მარტი 2018

დღეს  „თი ბი სი გალერეაში" გაიმართა ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის - "ალექსანდრე კოტორაშვილის 100 ფოტო" პრეზენტაცია, ასევე მოეწყო  კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის - "ფოტორეპორტიორის" ჩვენება.  ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ალექსანდრე კოტორაშვილის მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობა სპორტულ ფოტოგრაფიაში. ის  ნახევარ საუკუნეზე მეტია  ქართულ  სპორტს ემსახურება და მართლაც უნიკალური ფოტოარქივის შემქმნელია. ღვაწლმოსილ  ფოტოხელოვანს აღბეჭდილი აქვს სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, ქართული სპორტის გამოჩენილი წარმომადგენლები, საქართველოში და უცხოეთში გამართული სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის - ოლიმპიური თამაშები. სანდრო კოტორაშვილი მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრში ტრიალებს, რათა არ გამორჩეს არცერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი თუ მოვლენა და  მომავალ თაობებს შემოუნახოს ქართული სპორტის ფოტოისტორია.

სახელოვან ფოტორეპორტიორს ამ დღეებში 75 წელი შეუსრულდა. სხვებთან ერთად იუბილარს მიესალმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელმაც სეოკ-ის სახელით ალექსანდრე კოტორაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა.