ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტენ ფურკადი „პარიზი-2024"-ის სპორტსმენთა კომისიას ჩაუდგა სათავეში

05 მარტი 2018

ფრანგი ბიატლონისტი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტენ ფურკადი პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სპორტსმენთა კომისიას ჩაუდგა სათავეში. გარდა ამისა, XXXIII ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ტიტულოვანი სპორტსმენი დირექტორთა საბჭოშიც შეიყვანა.

„მოხარული ვარ, რომ „პარიზი 2024"-ის საორგანიზაციო კომიტეტს ოფიციალურად შევუერთდი, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი და სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე, - საკუთარ „ტვიტერზე" წერს მარტენ ფურკადი, - ძალისხმევას და ჩემს ოლიმპიურ გამოცდილებას არ მოვაკლებ, რათა ეს თამაშები დაუვიწყარი გახდეს."

ცოტა ხნით ადრე ოლიმპიადების ხუთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელმა,  მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა 29 წლის ფურკადმა განაცხადა, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას მინიმუმ 2020 წლამდე გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის (1908, 1948, 2012) შემდეგ პარიზი გახდება მეორე ქალაქი, რომელიც მესამედ უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. პარიზმა პირველად ოლიმპიადას 1900 წელს უმასპინძლა, მეორედ 1924 წელს.