პიონჩანგში დოპინგ-ტესტი 3149 სპორტსმენმა გაიარა

07 მარტი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დოპინგ-ტესტი 3149 სპორტსმენმა გაიარა. აქედან 1393 სინჯი საშეჯიბრო, ხოლო 1756 - არასაშეჯიბრო პერიოდში იყო აღებული. ასევე აღნიშნულია, რომ პიონჩანგის თამაშებზე აკრედიტებული 2963 ოლიმპიელიდან დოპინგ-ტესტირება მინიმუმ ერთხელ გაიარა 1615-მა სპორტსმენმა.

აღსანიშნავია, რომ დოპინგ-სინჯები სეულის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიაში ათი წლის განმავლობაში სადღეღამისო ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ შეინახება. 

ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიადაზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გამოვიყენეთ. სეულის ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში კონტროლდება, - აცხადებს IOC-ის სამედიცინო დირექტორი რიჩარდ ბაჯეტი, - ჩანაწერები თამაშების დასრულებიდან ათი წლის განმავლობაში შეინახება."

ასევე აღნიშნულია, რომ დოპინგ-სინჯების ხელმეორედ შემოწმების პროგრამა აქცენტირებული იქნება მომატებული რისკის ქვეშ მყოფ სახეობებზე და გუნდებზე. მათი ხელმეორე შემოწმება შესაძლებელი იქნება ახალი ტექნოლოგიების შემუშავების შემთხვევაში.