სოკ-ის ექსპერტების ვიზიტი დასრულდა

08 მარტი 2018

დასრულდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების სამდღიანი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დარგობრივ სამინისტროებში. მერე სტუმრები თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრნენ გუდაურსა და ყაზბეგში. 

გუდაურში სასტუმრო „მარკო-პოლოში" სოკ-ის სტუმრების წინაშე დეტალური პრეზენტაციები წარმოადგინეს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ექსპერტებმა. მათ განიხილეს მთის კურორტების - გუდაურის, მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის  ინფრასტრუქტურული  განვითარების, დაგეგმარების, საკითხები და სამთო ტრასების მშენებლობასთან დაკავშირებული მიდგომები. სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურისა და ყაზბეგის ტურისტული ბაზები და სამთო-სათხილამურო ტრასები, ეწვივნენ სამთო ინსტრუქტორთა გადამზადების ცენტრს, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს მთის კურორტების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად გუდაურს, პირველი შთაბეჭდილება ნამდვილად  დადებითია. კარგი სამთო-სათხილამურო ტრასებია. უამრავი დამსვენებლია, რაც ძალიან კარგია"- აღნიშნა პამელა ვაიპონდმა.

მოგვიანებით ევროპელმა სტუმრებმა მოინახულეს ბორჯომი და  ბაკურიანი. შეხვედრებზე სოკ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია  ამ რეგიონში არსებულ სპორტულ, ტურისტულ და სასტუმრო ობიექტებზე, საქართველოში ჩატარებულ და მომავალში დაგეგმილ სამთო შეჯიბრებებზე.
სოკ-ის კონსულტანტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ზამთრის სახეობათა ფედერაციების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების პროცესში, სადაც უნდა განისაზღვროს ყველა  მხარის მისია და პასუხისმგებლობა.

აუცილებელია სპორტის ეროვნულ ფედერაციების და ყვლა ხელმძღვანელი სტრუქტურის ინდივიდუალურ ვალდებულებათა გამიჯვნა. ვალდებულებების სწორი გადანაწილება წარმატების ძირითადი საფუძველია, აღნიშნა ჟილბერ ფელიმ,- ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა გუდაურმა. იგივე შემიძლია გითხრათ ბაკურიანზე. ულამაზესი მთები გაქვთ და სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ზამთრის კურორტებ ასე ვითარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელწიფო ასე ზრუნავს აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე. ეს ნამდვილად კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით."

როგორც სტუმრებმა განაცხადეს, საქართველოს მთის კურორტებს საკმოდ დიდი პოტენციალი აქვთ საიმისოდ, რომ უმასპინძლონ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებს.

სოკ-ის ექსპერტების ვიზიტის ორგანიზატორები იყვნენ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია.  სტუმრებს  ახლდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

დღეს, საღამოს სოკ-ის ექსპერტებს უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.  ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან კიდევ ერთხელ გამოხატა კმაყოფილება  საქართველოს მთავრობის ინიციატივის თაობაზე,  ახალი დინამიკა შესძინოს ქვეყანაში ზამთრის კურორტების და ზამთრის სპორტის განვითარებას: „ჩვენ მართლაც კარგი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და, პარალელურად, უფრო აქტიურად  ვიზრუნოთ ზამთრის სპორტში მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებისთვის. მთავრობამ გააკეთა სერიოზული განაცხადი და დასახა პრიორიტეტები. ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება ამ ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერთვებით ამ პროცესში. მით უმეტეს, ყველაფერი ეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება. ამ ვიზიტის ფარგლებში სოკ-ის ექსპერტებმა მიიღეს მათთვის აუცილებელი ინფორმაცია და ახლო მომავალში გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვას, მოგვაწვდიან რეკომენდაციებს. ჩვენ ვიწყებთ დიდ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ეს საქმე წარმატებული იქნება," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.