საერთაშორისო ოლიმპიურ და პარალიმპურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობა გრძელდება

10 მარტი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა დღეს პიონჩანგში, ზამთრის პარალიმპური თამაშების დებიუტში, ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა 2032 წლამდე გაგრძელდება.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქებისთვის კვლავაც სავალდებულოს ხდის პარალიმპური თამაშების ორგანიზებას. გარდა ამისა, მხარეები გააღრმავებენ ერთმანეთის მხარდაჭერას.

„ოლიმპიურ და პარალიმპურ მოძრაობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება 2020 წლის ოლიმპიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი რეკომედნაციაა, -  განაცხადა თომას ბახმა, - ამიტომაც ჩვენ მივესალმებით IPC-ის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის გადადგმულ ახალ ნაბიჯს. ჩვენ გვაერთიანებს  ფასეულობები და მიზნები."

„IOC-თან ურთიერთობის გაღრმავება და IPC-ის და პარალიმპური მოძრაობის მომავლის შექმნა, შარშანდელი სექტემბრიდან, IPC-ის პრეზიდენტად არჩევის დღიდან ჩემი უმთავრესი ამოცანაა. ეჭვგარეშეა, რომ პარალიმპური მოძრაობა IOC-ის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გარეშე დღეს იქ არ იქნებოდა, სადაც არის. ორივე ორგანიზაციის საერთო ხედვაა, რომ სპორტს შეუძლია სამყაროს შეცვლა", - ამბობს ენდრიუ პარსონსი.