WADA-ს მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსთან RUSADA-ს შესაბამისობის საკითხის განხილვას აპირებს

12 მარტი 2018

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ლოზანაში გასამართი ყოველწლიური სიმპოზიუმისთვის (21-23 მარტი) ემზადება. იგი აქ მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსთან რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შესაბამისობის საკითხის განხილვას აპირებს.

RUSADA-ს რეაბილიტირება რუსეთის სპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრობლემაა. იმისთვის, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილება აღუდგეს, მან WADA-ს მიერ წაყენებული რიგი მოთხოვნები უნდა შეასრულოს, თუმცა რუსეთი ორი მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს. ეს მოთხოვნებია სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი ანტიდოპინგური წესების სისტემატურად მანიპულირების აღიარება და მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის დოპინგ-სინჯებთან წვდომის უფლების მიღება.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ  რუსეთი ამ მოთხოვნების შესრულებას არ  აპირებს.