IOC-მა ტოკიო-2020-ის სერფერთა საკვალიფიკაციო სისტემა დაამტკიცა

20 მარტი 2018

2016 წლის 3 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 129-ე სესიაზე ერთხმად გადაწყდა, რომ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშების პროგრამას 5 ახალი სახეობა შეემატებოდა, მათ შორის - სერფინგიც, რომლის საკვალიფიკაციო სისტემაც ახლახანს დაამტკიცა IOC-მა.

ამ სისტემის თანახმად, ტოკიოში  20-20 ქალ-ვაჟი სერფერი იასპარეზებს. ასევე ცნობილია, რომ ლიცენზიის მქონე ქვეყანას მაქსიმუმ ორ-ორი ქალ-ვაჟი სერფერის გამოყვანის, ხოლო სერფინგის საერთაშორისო ასოციაციის (ISA) მიერ შემუშავებული სისტემით, მასპინძელ ქვეყანას თითო ქალ-ვაჟის გამოყვანის უფლება აქვს. ამგვარი შეზღუდვის მიზანი ის არის, რომ სადებიუტო ასპარეზობაზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო სერფერებმა მოიყარონ თავი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები  2019 წლის სერფერთა მსოფლიო ლიგაზე გათამაშდება. საამისოდ ვაჟებს მოწინავეთა ათეულში, ქალებს კი რვა საუკეთესოთა შორის მოხვედრა მოეთხოვებათ.

ასევე მათ შეუერთდებიან ამერიკის გამოკლებით თითოეული კონტინენტიდან 2019 წლის სერფერთა მსოფლიო თამაშების მოწინავენი, რაც ჯამში ოთხ ქალს და ამდენივე კაცს  შეადგენს. ამასთან, მათ დაემატებათ 2020 წლის ამავე თამაშების ვაჟთა უძლიერესი ოთხეული და ქალთა ექვსეული. გარდა ამისა, ქალებში და კაცებში თითო-თითო საგზური გათამაშდება 2019 წლის პანამერიკის თამაშებზეც.

იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლები დამოუკიდებლად გაივლიან კვალიფიკაციას, მათი ადგილები გადანაწილდება 2020 წლის სერფერთა მსოფლიო თამაშების შესაბამის საფეხურზე მყოფ ათლეტებზე.

ტოკიო-2020-ის მასპინძლებს საშეჯიბრო ადგილად შიდაშიტას სანაპირო აქვთ შერჩეული, რომელიც ტოკიოდან დაახლოებით 40 მილის დაშორებითაა.