ლილეჰამერი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმიზნებს

22 მარტი 2018

ლილეჰამერში ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების შესაძლებლობების განხილვისას ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საამისოდ უფრო ხელსაყრელი დრო 2030 წელი იქნება, ვიდრე 2026 წელი.

ნორვეგიელთა პროექტის თანახმად, სასურველია ლილეჰამერთან ერთად ცალკეულ სახეობებში სეჯიბრებები ასევე ჩატარდეს ოსლოში, ბერგენში, სტავანგერსა და ტრონდჰეიმში, რაც ნორვეგიას ასეთი მასშტაბის ღონისძიების ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად ჩატარების საშუალებას მისცემს.

IOC-ის ყოფილი წევრის გერჰარდ ჰეიბერგისა და სამთო თხილამურობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის აქსელ ლუნდ სვინდალის განმარტებით, თითოეული ამ ქალაქის შესაძლებლობა საკმარისია იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს ოლიმპიადას.

ლილეჰამერში 1994 წელს ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშები ჩატარდა, რომელიც ბევრის აზრით, საუკეთესო იყო. სწორედ ლილეჰამერში შედგა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოლიმპიური დებიუტი.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის ინტერესს ავლენენ კალგარი (კანადა), საპორო (იაპონია), სტოკჰოლმი (შვედეთი), სიონი (შვეიცარია), აგრეთვე გრაცი და შლადმინგი (ავსტრია).

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეგლამენტის მიხედვით, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის მსურველებმა შესაბამისი განაცხადი 2018 წლის 31 მარტამდე უნდა წარადგინონ.

2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლა ოფიციალურად დაიწყება ბუენოს აირესის IOC-ის ოქტომბრის სესიაზე, გამარჯვებული კი, სავარაუდოდ, გამოცხადდება 2019 წლის  მილანის სესიაზე. სავარაუდოდ იმიტომ, რომ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა მილანმაც წამოაყენოს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიის მასპინძელი შეიცვლება.