სეოკ-ში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) მეორე სემინარი

23 მარტი 2018

სემინარის მონაწილეებს მიესალმა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილეთა პრეზენტაციებს MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილ თემებზე. სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა, მენეჯერებმა და ადმინისტრატორებმა სემინარის მონაწილეებს  გაუზიარეს ინფორმაცია და გამოცდილება მათ სპორტულ ორგანიზაციებში არსებული ვითარების შესახებ, განიხილეს ძლიერი და სუსტი მხარეები, ისაუბრეს სხვადასხვა გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ეროვნული ოლიმპიური აკადემიისა და მოწვეული სპორტის ექსპერტების პრეზენტაციებს სპორტული მენეჯმენტის საკითხებზე. განიხილეს ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვის, სტრატეგიული მართვის, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზების და სხვა საკითხები. 

ყოველი პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა კონკრეტული საკითხის გარშემო წამოჭრილ დისკუსიაში. 

მენეჯმენტის კურსების მსმენელები შემდგომშიც გააგრძელებენ მუშაობას მათ მიერ შერჩეულ მიმართულებებზე, ხოლო ოლიმპიური კომიტეტი ASMC-ის პროგრამის ფარგლებში დამუშავებულ თემებს წარუდგენს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.