თომას ბახი: IOC-თვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანია

24 მარტი 2018

ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფორუმზე გამოსვლისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოლიმპიური თამაშებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

ბახმა ამის ნათელ მაგალითად პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და კორეის ნახევარკუნძლზე პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად გამართული მოლაპარაკებათა პროცესი მოიყვანა. მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც შეიარაღებული დაპირისპირებაც იყო შესაძლებელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დადგა დილემის წინაშე: უნდა ჩატარებულიყო თუ არა თამაშები კორეის ნახევარკუნძლზე.

თომას ბახის თქმით, IOC-ის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლებელი გახადა თამაშების გახსნაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი ოლიმპიელების ერთ გუნდად გამოსვლა, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსოფლიოში მშვიდობისთვის.

ბედნიერები და ამაყები ვიყავით, როდესაც ჩვენი მცდელობა რეალობად იქცა. გულწრფელად რომ გითხრათ, შვებასაც ვგრძნობდით, რადგან ბოლო მომენტამდე დარწმუნებული არ ვიყავით წარმატებაში. მოლაპარაკებები თამაშების გახსნამდე ოთხი საათით ადრე დასრულდა", - აღნიშნა ბახმა.

ფორუმზე გამოსვლისას IOC-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბედნიერია, როდესაც ხედავს, რამხელა როლი შეასრულა ოლიმპიურმა თამაშებმა პოლოტიკურ დონეზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან იმედი გამოთქვა, რომ ეს ყოველივე საწინადრი იქნება კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობიანი მომავლისა.