WADA ჩინეთში დოპინგ-სისტემის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გამოიძიებას აგრძელებს

26 მარტი 2018

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ჩინეთში დოპინგ-სისტემის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გამოიძიებას აგრძელებს.

WADA-ს ამგვარი ნაბიჯის მიზეზი ჩინეთიდან გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით გაქცეული ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმის სიუ ინსიანის მიერ გერმანულ ტელე-რადიო კომპანია ARD-თან ინტერვიუში შარშან გაკეთებული  მამხილებელი განცხადებებია. ექიმის თქმით, ჩინელი სპორტსმენების მიერ 1980 და 1990-იან წლებში მოპოვებული მედლები სპორტში არსებული სისტემური დოპინგ-პროგრამით იყო უზრუნველყოფილი.

79 წლის სიუ ინსიანის თქმით, სავალდებულო დოპინგ-სისტემა მოიცავდა 10 ათასზე მეტ სპორტსმენს, რომელთა ასაკიც 11 წლიდან იწყებოდა. დოპინგის მიღებაზე თუ უარს აცხადებდით, გუნდის დატოვება გიწევდათ," - ამბობს სიუ ინსიანი.

ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ექიმის განცხადებებმა WADA-ს შეშფოთება გამოიწვია. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის დედაქალაქი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ ემზადება.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო შიშობს, რომ დოპინგ-სისტემა, რომელიც ჩინეთში შესაძლოა მეოცე საუკუნეში არსებობდა, კვლავაც მოქმედებდეს.

WADA-ს გამოძიებათა განყოფილების ხელმძღვანელის, გიუნტერ იუნგერის განცხადებით, აღნიშნული საქმის შესწავლას მისი ხანდაზმულობა ართულებს: ამდენი წლის შემდეგ რთულია რაიმეს მიაკვლიო. ახლა იმის გაგებას ვცდილობთ, ამ მხრივ დღეს რა მდგომარეობაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ მოწმე, ვინც ამის შესახებ განუცხადა მედიას, თავად არასდროს ყოფილა დოპინგის მიღების თვითმხილველი და მხოლოდ სხვათა გადმოცემებს ეყრდნობა. მტკიცებულება ფაქტებსა და სამხილებს უნდა დაეფუძნოს და არა - ვარაუდებს."