თომას ბახი ჩრდილოეთ კორეას ეწვია

29 მარტი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი დღეს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ჩავიდა.

ბახი ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის სხვადასხვა პრობლემას განიხილავს. საუბარი ასევე შეეხება IOC-ის სპეციალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ზაფხულისა და ზამთრის მომავალი ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირებისთვის ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების მზადების ხელშეწყობას.

 ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა თომას ბახი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს - კიმ ჩენ ინს.

IOC-ის პრეზიდენტის ვიზიტი ფხენიანში ორ დღეს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ IOC-მა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ჩრდილოეთ კორეელ სპორტსმენებს  დამატებითი კვოტები გამოუყო.

პიონჩანგის თამაშების გახსნაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები დელეგაციათა აღლუმზე ერთიანი კორეის დროშით გამოვიდნენ, ხოლო ქალთა ჰოკეიში ერთიანი გუნდით წარსდგნენ.