ტყვიის სროლაში ტოკიო-2020-სთვის სპორტსმენთა შერჩევის წესი დადგენილია

30 მარტი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე დასაშვებად ტყვიის სროლის სახეობებში სპორტსმენთა შერჩევის წესები. თავის მხრივ, სასროლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (ISSF) წევრ ეროვნულ ორგანიზაციებს მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია.

2018 -2020 წლებში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მსოფლიოს თასის ეტაპებზე და კონტინენტალურ ტურნირებზე ტყვიის სროლის 15 დისციპლინაში სულ განაწილდება 360 ოლიმპიური ლიცენზია. 

პირველი საოლიმპიადო საკვალიფიკაციო შეჯიბრება იქნება მსოფლიოს 52-ე ჩემპიონატი ტყვიის სროლაში, რომელიც 2018 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე სამხრეთ კორეაში გაიმართება. ამ ჩემპიონატზე გაირკვევა ტოკიოს ოლიმპიადის 48 ინდივიდუალური და 12  გუნდური ლიცენზიიის მფლობელთა ვინაობა. ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლაში ჩვენი ტყვიის მსროლელებიც ჩაერთვებიან.