სემინარი ოლიმპიურ კომიტეტში

30 მარტი 2018

30 მარტს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  ჩატარდა სემინარი „წარმატებული ქალები ლიდერებად". ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით და იგი გახსნა სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სეოკ-ის „ქალები და სპორტი" კომისიის თავმჯდომარემ ნინო სალუქვაძემ.  მან ისაუბრა ქალების როლზე სპორტულ და სხვა  ორგანიზაციებში, მოიყვანა სტატისტიკა კომპანიებში სხვადასხვა პოზიციებზე, განსაკუთრებით კი მმართველ ორგანოებში ქალების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

სემინარს ესწრებოდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი,მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და წარმატებები უსურვა მათ.

სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა სემინარის მონაწილეებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა ქართულ სპორტში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ფედერაციის ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა, ადმინისტრატორებმა და მოხალისეებმა  საინტერესო ინფორმაცია  მოისმინეს გენდერულ საკითხებზე. ითქვა, რომ ოლიმპიურ თამაშებში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით გენდერული ბალანსი წარმატებით ხორციელდება და მალე ეს მაჩვენებელი 50%-ს მიაღწევს.  

გამომსვლელებმა ისაუბრეს შეჯიბრებებში ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებული მონაწილეობის,  სპორტული ორგანიზაციების  მმართველ პოზიციებზე ქალთა ლიდერობის, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე . განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს საკითხები გადასაწყვეტია სამთავრობო დონეზე, რათა ყველა სფეროში, მიუხედავად სქესისა, დაფასდეს პროფესიონალიზმი.

  ფორუმის მონაწილეებმა ერთხმად მიღეეს შესაბამისი  რეზოლუცია.